-
2014-08-03 08:52
ნიკა რურუა წერს, რომ ახალი პოლიტიკური კულტურის დაფუძნება დღეს მმართველი კოალიციის ხელშია და თუ ეს არ მოხდა, საქართველო ივლის მოჯადოებულ წრეზე, სადაც საქართველოს ერთ ნახევარს გულსა და გონებაში მეორე ნახევრის განადგურების სურვილი ექნება.
"პრეზიდენტ სააკაშვილის მიმართ, ისევე როგორც მისი კაბინეტის სხვა წევრების მიმართ სისხლის სამართლის ბრალის წარდგენა წარმოადგენს პოლიტიკური ოპოზიციის მიმართ დღევანდელი ხელისუფლების მზარდი აგრესიის მკაფიო დემონსტრირებას, რაც სხვა არაფერია, თუარა პოლიტიკური რადიკალიზაციის მოჯადოებულ წრეზე, ჩვენი ქვეყნის კიდევ ერთი და უფრო აგრესიული დაბზრიალება.
ცხადია, რომ ამგვარი პოლიტიკური ექსტრემიზმი დღევანდელი ხელისუფლებისა გამოწვეულია მისი პანიკური შიშით - თუ ის არ გაანადგურებს საკუთარ ოპოზიციას, ეს უკანასკნელი გაანადგურებს მას დროის რაღაც პერიოდის მერე, როცა დღევანდელ ხელისუფლებას სხვადასხვა მიზეზთა გამო ყავლი გაუვა.
სწორედ ესაა აქამდე არსებული პოლიტიკური ანტი-კულტურის ყველაზე მკაფიო პრობლემა, რომლის მოგვარება შეუძლებელია, თუარა მმართველი ძალის მხრიდან პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებით, რომ ის ღიად და დემონსტრატიულად ხელს აიღებს აქამდე არსებულ "ყველაფერი ან არაფერი"-ს პრინციპზე, სადაც მოგებული მხარე ცდილობდა წაგებულის მთლიანად მოსპობას.
სხვა შემთხვევაში, აუცილებლად იგივე დაემუქრება დღევანდელ მმართველ ძალასაც, როდესაც იგი ხელისუფლებას დატოვებს. ამგვარად, სწორედ ის, რისიც ძალიან ეშინია "ოცნების კოალიციას" და მის დამფუძნებელს, აუცილებლად ექცევა რეალობად, თუ თვითონვე არ გააცნობიერებს, რომ ახალი პოლიტიკური კულტურის დაფუძნება დღეს მათ ხელშია, ისევე როგორც მათ ხელშია საკუთარი პოლიტიკური მომავლის მართლაც უსაფრთხო გარანტიების შექმნა დღევანდელი ბრძნული და დიდსულოვანი გადაწყვეტილებებით, თუ ეს მათ რეალურად შეუძლიათ, რა თქმა უნდა.
სხვაგვარად, საქართველო ივლის მოჯადოებულ წრეზე, სადაც მის ერთ ნახევარს მეორე ნახევრის განადგურება ექნება მუდამ გულსა და გონებაში. რამდენადაა ეს ჩვენი სამშობლოს ინტერესებში, მკითხველმა განსაჯოს.
ვიყუროთ წინ და ვეცადოთ წავწიოთ ჩვენი ქვეყანა უკეთესი, უფრო ბრძნული და ურთიერთნდობით სავსე მომავლისკენ. ეს დღეს ხელისუფლების უმთავრესი გამოწვევაა და იგი ვალდებულია ამაღლდეს და გათავისუფლდეს ირაციონალური სიძულვილისა და შიშისაგან“, - წერს ნიკა რურუა.