სტიქაროსანი ლაშა დეისაძე-შარვაშიძე მოსკოვში სერგი რადონეჟელის 700 წლის იუბილეზე ვლადიმირ პუტინის სტუმრობის ფაქტს ეხმიანება, რომელსაც მსოფლიოს თხუთმეტივე ავტოკეფალური ეკლესიის წარმომადგენელი მღვდელმთავრები ესწრებოდნენ.
„ღირსი მამის სერგი რადონეჟელის 700 წლის იუბილე მოსკოვში საზეიმო ვითარებაში აღნიშნეს. რუსეთის დედაქალაქში ოფიციალური სტუმრების სტატუსით ბრძანდებოდნენ, მსოფლიოს თხუთმეტივე ავტოკეფალური ეკლესიის წარმომადგენელი მღვდელმთავრები.
დღესასწაულს რამდენიმე ღონისძიება მიეძღვნა, მათ შორის, საპატიო სტუმრები მიიღო რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა. მოსკოვის საპატრიარქოს ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებულშეხვედრის სტენოგრამაში ვკითხულობთ, რომ სიტყვა წარმოსთქვეს: ანტიოქიის ეკლესიის წარმომადგენელმა - მიტროპოლიტმა ილიამ და იერუსალიმის ეკლესიის წარმომადგენელმა - მიტროპოლიტმა ტიმოთემ. სტუმრებმა პუტინს მსოფლიოში მშვიდობისა და ადამიანის უფლებების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადეს.
აღნიშნული ფაქტის კვალდაკვალ, უცებ, ჩემს ფიქრსა და დაკვირვებაში ამოტივტივდა გაენათელი მიტროპოლიტის წმიდა ექვთიმეს(შარვაშიძე) შეხვედრა რუსეთის იმპერატორ ალექსანდრესთან. შეპყრობილი და ნაცემი მიტროპოლიტი ექვთიმე ქ. ნოვგოროდში, იმპერატორმა ალექსანდრემ მღვდელმთავრისათვის შესაფერისი პატივით მიიღო. წმიდა ექვთიმემ კი უშიშრად, მთელი სიმწვავით ამხილა იმპერატორი საქართველოს ეკლესიისა და ქართველი ერისათვის თავისუფლების წართმევასა და სამშობლოს დამცველთა წამებაში და მას ამგვარად მიმართა: "შენ, ახალი ნერონი ხარ!"
ღრმად მჯერა, რომ დღეს, გაენათელი მიტროპოლიტი ექვთიმე ხორციელად ცოცხალი ბრძანდებოდეს და სტუმრად მიიღოს ვლადიმერ პუტინმა, ასევე იმავე სიმწვავით ამხელდა მას და კვლავ გაიმეორებდა სიტყვებს: "შენ, ახალი ნერონი ხარ!"
წმიდა მღვდელმოწამეო ექვთიმე, გაენათელო მიტროპოლიტო, მეოხ-გვეყავ ღვთის წინაშე, რათა მოგვმადლოს უფალმა შენებრი ღვთიგაბრძნობილი და თავშეწირული მსახურება. ამინ!“, - წერს სტიქაროსანი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.
შეგახსენებთ, რომ მოსკოვში გამართულ შეხვედრას საქართველოს სახელით ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე ესწრებოდა, თუმცა, მას სიტყვა არ წარმოუთქვამს.
ფოტოები: გაენათელი მიტროპოლიტის წმინდა ექვთიმეს ხატი და საფლავი გელათში