
საქართველოს თავდაცვისა და განათლების ყოფილი მინისტრი დიმიტრი შაშკინი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე აღწერს, რა მოაქვს პოლიტიკურ რეპრესიებსა და დევნას საქართველოსთვის.
"აფხაზეთის ხმა" გთავაზობთ დიმიტრი შაშკინის თვალსაზრისს:
რა მოაქვს საქართველოსთვის პოლიტიკურ რეპრესიებსა და ძალადობას
1.სერიოზული პრობლემები ეკონომიკაში. არცერთი ბიზნესმენი ინვესტიციას არ ჩადებს ქვეყანაში, სადაც პოლიტიკური რეპრესიები და ძალადობაა. ბიზნესმენებს კარგად ესმით, რომ პოლიტიკური ცხოვრება ციკლურია და მთავრობები იცვლება. თუ მოლოდინია, რომ მთავრობის მხრიდან პოლიტიკურ რეპრესიებს მოჰყვება შიდა დაძაბულობა, ან მთავრობის შეცვლის შემდეგ ახალი მთავრობიდან არსებულ რეპრესიებზე პასუხი, ან საერთაშორისო რეაქცია, ბუნებრივია, ბიზნესი არ იფიქრებს ახალი სამუშაო ადგილების შექმნაზე ან ინვესტიციების გაკეთებაზე, არამედ იფიქრებს თავისი ფულის ქვეყნიდან გატანაზე. ეს შედეგი უკვე სახეზეა - ეკონომიკა გაჩერებულია, ბიუჯეტი არ ივსება.
2. არსებული ჩინოვნიკების მხრიდან უნიათობა და საქმის მიმართ გულგრილობა. როგორც არ უნდა ბაქიბუქობდეს მთავრობა, საშუალო დონის ჩინოვნიკები ახლა იმაზე ფიქრობენ, რომ თუ მათი ძველი კოლეგები ახლა პროკურატურაში დადიან იმის გამო, რომ პასუხისმგებლობას იღებდნენ თავის თავზე და არ ერიდებოდნენ გადაწყვეტილების მიღებას, მაშინ ყველაზე იოლი გზა გადის საქმის არ გაკეთებაზე და პასუხისმგებლობის არიდებაზე. ზუსტად ამის შედეგია პარალიზებული სამინისტროები და ბიუჯეტის აუთვისებლობა. ერთადერთი გრაფა, რაც 100% სრულდება ხელფასები, პრემიები და მივლინებებია.
3. დაძაბულობისა და პოლიტიკური რეპრესიების ფონზე, ქვეყანაში არ ბრუნდებიან საზღვარგარეთ წარმატებული ქართველები, რომელთაც შეუძლიათ დიდი წვლილი შეიტანონ ქვეყნის განვითარებაში თავისი კავშირებით, ინტელექტუალური და ფინანსური რესურსებით. მე არ მახსენდება არცერთი მაგალითი ბოლო ერთი წლის განმავლობაში, რომ ქვეყანაში დაბრუნდნენ ჩვენი წარმატებული ბიზნესმენები, მენეჯერები ან მეცნიერები. ასევე, არ მახსენდება ასეთი ხალხის მაღალ თანამდებობაზე დანიშვნის არცერთი შემთხვევა. თუ არ ჩავთვლით ქუთაისის ყოფილ მერს, რომელიც ერთ თვეში უკან გაიქცა ამერიკაში.
4. პოლიტიკური რეპრესიები და ძალადობა დიდ ზიანს აყენებს ქართული ჯარისა და პოლიციის სულის სიმტკიცეს და მდგრადობას.
5. საერთაშორისო ასპარეზზე ქვეყანა ხდება დაუცველი. უცხოელი პარტნიორების მხრიდან ჩვენ გვესმის არაერთი გაფრთხილება პოლიტიკური რეპრესიების დაუშვებლობასთან დაკავშირებით . ასოცირების ხელმოწერის შემდეგ საერთაშორისო რექცია უფრო მძაფრი და ნეგატიური გახდება. ღმერთმა არ ჰქნას, რომ ჩვენ რუსეთთან ერთი ერთზე დავრჩეთ.
მე ეს იმ ხალხისთვის დავწერე, ვისაც ფიქრი შეუძლია. მთავრობის მიერ დავალებულ ჩინოვნიკებს, „ბოტებს“ და ოცნების პარტაქტივს ვთხოვ, დრო დაზოგონ, საქმეს მიხედონ და აქ კომენტარებს ნუ ტოვებენ. სხვებს კი მინდა შევახსენო, რომ ისტორია ყოველთვის მეორდება, ზოგჯერ როგორც ტრაგედია, ზოგჯერ როგორც ფარსი, ზოგჯერ კი როგორც კომედია. როდესაც ბოლშევიკებმა იუნკერები დახვრიტეს, ჩვენს ბევრ მოქალაქეს ეგონა, რომ ეს მათ არ შეეხებოდათ. ამის მერე სულ რაღაც 14 წელიწადში გულაგები ზუსტად ამ ხალხით აივსო.
ჩემი აზრით, ასეთ მდგომარეობას ყველაზე კარგად კენედის ფრაზა ასახავს დანტეს „ღვთაებრივ კომედიაზე“ დაყრდნობით : „The hottest places in hell are reserved for those who, in times of great moral crisis, maintain their neutrality“ (ჯოჯოხეთში ყველაზე ცხელი ადგილი მათთვისაა, ვინც დიდი მორალური კრიზისისას ნეიტრალურობას შეინარჩუნებს).