
„საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის" ერთ-ერთი დამფუძნებელი და ლიტერატურის მუზეუმის დირექტორი ლაშა ბაქრაძე "ნეტგაზეთთან" საუბარში ამბობს, რომ ვინც ამ სიმბოლოს იკეთებს, ის ემხრობა რუსეთს და საქართველოს დამოუკიდებლობის წინააღმდეგია.
"ათი წლის წინ ამ სიბოლიკის ასე წინააღმდეგი არ ვიქნებოდი, რადგან მაშინ არ ჰქონდა ეს დატვირთვა, რაც ბოლო 10 წლის განმავლობაში შეიძინა ", ამბობს ლაშა ბაქრაძე ინტერვიუში.
"ვისაც ახსოვს საბჭოთა დრო, მას ეხსომება რომ ეს ფერები, ეს სიმბოლიკა საბჭოთა პერიოდში გამოყენებული არ ყოფილა. 2005 წლიდან პუტინის ინიციატივით გამოყენებული ბაფთებია, რომელსაც მიზანმიმართულად რუსული იმპერიალიზმის პროპაგანდისთვის იყენებენ. ბაფთების მილიონობით ეგზემპლიარს რუსული ფულით შექმნილი ორგანიზაციები მთელი მსოფლიოს გარშემო ავრცელებენ", - განმარტავს ბაქრაძე.
რაც შეეხება აღიშნული ბაფთების აკრძალვის სამართლებრივ კუთხეს, ლაშა ბაქრაძე მიიჩნევს, რომ სახელმწიფოს ინტერესისა და პოლიტიკური ნების შემთხვევაში კონკრეტული კანონის მიღებაც შეიძლება, თუმცა, "ბევრად უფრო მნიშვნელოვანია საზოგადოების შეგნება და გააზრება, რომ მათი ტარება ქვეყნისთვის შეურაცხმყოფელია".
"კანონის ფარგლებში ყველაფერი შეიძლება არ რეგულირდებოდეს, მაგრამ მაგალითად, ქართველმა მესაზღვრეებმა ამნაირი სიმბოლიკით შემკული მანქანები და მოტიციკლეტები არ უნდა გამოატარონ საზღვარზე. შსს-ს შეუძლია გასცეს ამგვარი დირექტივა", - მიიჩნევს ლაშა ბაქრაძე.