
იუსტიციის ყოფილი მინისტრის ზურაბ ადეიშვილის ინტერპოლის მიერ ძებნილთა სიიდან ამოღებაზე „ახალი მემარჯვენეების“ პოლიტიკურმა მდივანმა მანანა ნაჭყებიამ ისაუბრა.
მისი თქმით, ინფორმაცია ძალიან მოულოდნელი იყო.
„ქართულმა საზოგადოებამ ამ ფაქტის შემდეგ კიდევ ერთხელ დაინახა ჩვენი პროკურატურის სრული უსუსურობა, რომელმაც ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენელთა მიმართ ვერცერთ შემთხვევაში ვერ დადო უტყუარი მტკიცებულებები. ნებისმიერი ისეთი განცხადებები, რომ თითქოს „ნაციონალურ მოძრაობას“ მოსყიდული ყავს მთელი მსოფლიო - ინტერპოლიც, აშშ, ევროპაც და აბსოლუტურად ყველა. არასერიოზული იქნება ამის თქმა, თუმცა ვხედავთ უკვე, რომ ეს განცხადებები კეთდება ხელისუფლების მხრიდან.
დღევანდელ ხელისუფლებას არც კვალიფიკაცია ყოფნის, არც პოლიტიკური ნება, რომ ბოლომდე მიიყვანოს თუნდაც ერთი დაწყებული საქმე. იგივე მოხდა კეზერაშვილის შემთხვევაშიც. ჩვენ გვყავს გაოცებული საზოგადოება, რომელიც ალბათ, ცოტა ხანში ბოდიშს მოუხდის „ნაციონალურ მოძრაობას“ იმის გამო, რომ პრაქტიკულად ვერაფერს უმტკიცებს. მეორე მხრივ, გვყავს ხელიუფლება, რომელიც მხოლოდ ფართხალებს და სხვას ვერაფერს აკეთებს ამ მიმართულებით.
ამიტომ არის, როცა ხელისუფლებაში მოდიხარ, არ უნდა წახვიდე ყველაფერზე. ხელისუფლებას ყველა შემთხვევაში უნდა დაეცვა უდანაშაულობის პრეზუმპცია. ჩირქი მოსდო ყველა ადამიანს და განაცხადო, რომ წინა ხელისუფლების ყველა წამრმომადგენელი დამნაშავე იყო, მიგიყვანს იქამდე, რა მდგომარეობაშიც დღესაა ხელისუფლება“, - განაცხადა ნაჭყებიამ „პირველ პრესკლუბში“.
"პირველი"