
"ქალაქი გუგუნებს და სამჯერ მეტია ნაკეთები ყველაფერი, ვიდრე წინა წლებში" - თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის ავთანდილ სუდაძის ამ განცხადებას სოციალურ ქსელ "ფეისბუქის" მომხმარებლების გამოხმაურება მოჰყვა. სუდაძეს თბილისის საკრებულოს წევრებიც გამოეხმაურნენ.
"გუგუნებს კი არა, გრიალებს"; "გუგუნებს და ირგვლივ სულ ბედნიერებისგან გაბრწყინებული სახეები ბზინავს"; "ეს გუგუნი კი არა, გმინვაა, შე **ო!" - ასეთი, არცთუ თავაზიანი გამოხმაურებები მოჰყვა ავთანდილ სუდაძის ცნობილ განცხადებას "ფეისბუქში".
შეგახსენებთ, სუდაძის თქმით: "ქალაქი გუგუნებს დღეს და სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. შედეგები და სტატისტიკური მონაცემები ძალიან დამაიმედებელია, სამჯერ მეტია ნაკეთები ყველაფერი ვიდრე წინა წლების სტატისტიკა აჩვენებს".
სუდაძეს გამოეხმაურნენ თბილისის საკრებულოს წევრები. მაგალითად, საკრებულის ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ირაკლი აბესაძე მიიჩნევს, რომ ქალაქი არა, მაგრამ "მილიონიანი კონტრაქტების მიმღები ქართული ოცნების ახლობლები გუგუნებენ":
“ ქალაქი გუგუნებს" - ქალაქი არა, მაგრამ ტენდერის გარეშე მილიონიანი კონტრაქტების მიმღები ქართული ოცნების ახლობლები გუგუნებენ; უხარისხოდ დაგებულ გზებზე ასეულობით ათასი ლარის მიმღები კომპანიები გუგუნებენ; კონკურსში ჩაჭრილი არაკვალიფიციური, მაგრამ მერიაში მაინც მომუშავე ქართული ოცნების წევრების ნათესავები გუგუნებენ;
და ბოლოს, ამ ყველაფრის გამო დანგრეული გზებით გაწვალებული, საცობებში მდგომი, ხშირად ჩაბნელებულ ქუჩებში მოსიარულე, ავარიულ საცხოვრებელ სახლებში მცხოვრები და ზოგადად გაძვირებული ცხოვრებით მძიმე მდგომარეობაში ჩავარდნილი თბილისელებიც გუგუნებენ. ოღონდ ეს სხვადასხვა გუგუნია... ”, - აღნიშნა აბესაძემ.