
პროფესორი დოდონა კიზირია ქართველი ხალხის ფსიქოლოგიის ერთ თავისებურ შტრიხზე წერს, რომლის მიხედვითაც ხალხი უსამართლობას ვერ იტანს, თუმცა, ეს დამოკიდებულება ყოველთვის ერთნაირად არ გამოვლინდება ხოლმე.
"ერთი რამ არის საინტერესო ჩვენი ხალხის ფსიქოლოგიაში - უსამართლობას ვერ იტანენ. ნუ, ვერ იტანენ და მორჩა. ერთი გადახვევა კანონიდან და ასობით ათასი ადამიანი გამოდის ქუჩაში მუშტების ქნევით და ღრიალით - ეს არის ჩვენი ღირსების შელახვა! სისხლისმსმელი დიქტატურა! ტირანია! უდანაშაულო ხალხს ხვრეტენ! ციხეები გაივსო! გვისმენენ! შიშით ხმა ვერ ამოგვიღია! ვიხრჩობით! ელიტარულმა კორუპციამ წაგვლეკა! ქათმის ბარკლები! ბენზინის ფასზე ერთი ლარი! მილიარდები მოიპარეს! რუსეთის საქმეს აკეთებნ! კაგებეს გეგმას ასრულებენ! შვიდი პიჯაკი! ერთი პალტო! მგონი ორი წყვილი წინდაც იყო იქ და ნაციონალებმა გადამალეს!
გამომრჩა რამე? თუ გამომრჩა თქვენ დაამატეთ.
მაგრამ, აი, გადის სულ ცოტა ხანი და დღისით, მზისით იღებენ კანონს მოსმენების აუცილებლობის შესახებ. უფრო მეტიც - კითხულობენ ელ ფოსტას და ფეისბუკის მიმოწერას, თითქმის ყოველდღე გამოდის ცნობები პატიმარტა სასტიკი ჩემის შესახებ, ორმოცამდე პატიმარი წამებითაა მოკლული, არც ერთი გახმაურებული მკვლელობა, რომელიც უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში მოხდა, არ გახსნილა, სახელმწიფო მოხელეებზე უკვე მრავალმილიონიანი პრემია-დანამატია გაცემული, პრემიერის ორმოცდასამ კაციანი დელეგაცია ნიუ-იორკში დღეში ცხრაასდოლარიან სასტუმრში მთელი კვირა ნებივრობდა, ამავე დროს ბიუჯეტი გარღვეულია, მსოფლიოში ღიად ლაპარაკობენ, რომ ქვეყანას კულისებიდან მართავს პუტინის ბიზნეს პარტნიორი ოლიგარქი, ამ ოლიგარქის ძმაკაცებმა თითო ლარად დაირიგეს უზარმაზრი მიწები და სხვა უძრავი ქონება, ხელისუფლება ღიად პრორუსულ საქმეს აკეთებს და ლამი არის ლანგრით მიართვან კრემლს მთელი ქვეყანა, გაუპატიურება, მკვლელობა, დაყაჩაღება ყოველდღიურ მოვლენად გადაიქცა, 50 ათასზე მეტ ადამიანს დახმარება მოეხსნა, ბენზინის ერთი ლარი არსად წასულა.
აი, ქათმის ბარკლებს რა დაემართა, გითხრათ მართალი, არ ვიცი. იგზავნება სადმე - კიევში თუ ნიუ-იორკში, ღმერთმა უწყის. ან ეგებ ეხლა ქათმები ცალფეხა იბადებიან. ყველაფერი შესაძლებელია.
ალბათ აქაც ბევრი რამ გამომრჩა, მაგრამ მე მაინტერესებს, სად არის კეთილშობილი აღშფოთება? სად არიან სამართლის მაძიებლები? სად არიან ისინი, ვინც იმის შიშით, რომ გვისმენენო, ტელეფონით ვერ ლაპარაკობდა? სად არიან დიქტატურით დათრგუნულები? სად არიან ისინი, ვინც გაჰყვიროდა, ნაციონალები რუსეთის აგენტები არიანო? სად არიან ისინი, ვინც გაჭირვებაზე წუწუნებდა? სად არიან ისინი, ვინც ამბობდა ციხეებში უდანაშაულო ხალხი ზისო? სად არიან...? აღარ არიან?
ვინმეს შეუძლია მიპასუხოს?", - წერს დოდონა კიზირია "ფეისბუქში".