
“ტელეკომპანია “სამეგრელოს” წილების 63 პროცენტს დღესაც სახელმწიფო ფლობს, რაც კანონის უხეში დარღვევაა”-აცხადებს იურისტი ლევან ცალუღელაშვილი. ეს კი ის ტელეკომპანიაა, რომელიც დღეის მდგომარეობით აღარ მაუწყებლობს. ამავე ტელეკომპანიის დირექტორი და წილის მფლობელი დარეჯან კვარაცხელია კი სახელმწიფოსთვის ჩივილს აპირებს. სარჩელის შეტანამდე კი დარეჯან კვარაცხელია მიზეზებზე საუბრობს.
“ტელერადიოკომპანია “სამეგრელო” 1996 წელს ზუგდიდის, ხობისა და სენაკის გამგეობების, აგრეთვე, სამხარეო ადმინისტრაციის მიერ დაფუძნდა და სამეგრელოს ტერიტორიის 80 პროცენტზე მაუწყებლობდა.
ტელევიზიის მფლობელი იყო სახელმწიფო, მე კი გახლდით დირექტორი და რაღაც დროის განმავლობაში, ვინაიდან თანხები ვერ მოვიპოვეთ, ჩემი ჯიბიდან ვაფინანსებდი. ჩემ მიერ შეტანილი თანხა 5-6 წლის განმავლობაში 19 ათას ლარამდე ავიდა. მოვიწვიეთ დამფუძნებელთა კრება და გადაწყდა, რომ შეტანილი 19 ათასი ლარის სანაცვლოდ ჩემთვის დაეთმოთ ტელევიზიის წილი.
2003 წლიდან სახელმწიფო გახდა ამ ტელეკომპანიის წილების 63 პროცენტის მფლობელი, დანარჩენი კი მე მეკუთვნოდა. 2006 წელს, როდესაც სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი გახლდათ ზაზა გოროზია, შემომითვალეს, _ ან სახელმწიფოს წილი შეიძინე, ან შენი წილი მოგვყიდეო. ჩემი წილი 50 ათას ლარად გავყიდე, თუმცა დამტოვეს კომპანიის დირექტორად და ვმაუწყებლობდით სრული დატვირთვით. მოგვიანებით ტელევიზიამ ხარვეზებით დაიწყო მაუწყებლობა. 2010 წელს მოვიწვიეთ კრება და გადაწყდა, რომ სახელმწიფოს წილს ათი ათას ლარად იყიდდა შპს “ინფოვესტი”.
სამწუხაროდ, ამ ხელშეკრულების გაფორმებას არ დავსწრებივარ, თორემ ასეთ კაბალურ პირობებს არ დავთანხმდებოდი”-აცხადებს ტელერადიოკომპანია “სამეგრელოს” დირექტორი და იქვე დასძენს:
” შპს “ინფოვესტს” ამ ათი ათასი ლარის საპირწონედ წელიწადში ასი ათასი ლარის ინვესტიცია უნდა ჩაედო ტელევიზიაში, რომელიც არ გააკეთა. ხელშეკრულებაში ასევე ეწერა, რომ, თუ “ინფოვესტი” ასიათასიან ინვესტიციას ვერ მოიზიდავდა, სახელმწიფო უფლებას იტოვებდა, წილი დაებრუნებინა. იმხანად “ინფოვესტის” მფლობელი იყო ზაზა არახამია, რომელმაც 77 პროცენტი დაუთმო მამუკა თოდუას, ხოლო 23 პროცენტი _ გელა ჟვანიას. არც ამ ადამიანებს განუხორციელებიათ ინვესტიცია. 2012 წლის არჩევნების შემდეგ უკვე ვითხოვდი, ჩემი წილი მოეყიდათ, ტელევიზია რომ ამემუშავებინა.
2013 წლის ივნისში გადმოვიფორმე “ინფოვესტის” ასივე პროცენტი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ის “სამეგრელოში” მხოლოდ 36 პროცენტს ფლობდა. მითხრეს, სახელმწიფომ დაიბრუნა ათი ათას ლარად გაყიდული წილიო. მივედი ქონების მართვის სააგენტოსა და ეკონომიკის სამინისტროში, მაგრამ იქ მუშაობენ ადამიანები, რომლებიც კანონთან შორის არიან.
ვკითხე, რატომ დაარღვიეთ კანონი, როგორ დაიბრუნა სახელმწიფომ ტელეკომპანიის წილი, რომელიც გაყიდეთ, ან ამ ყველაფრის შესახებ რატომ არ მკითხეთ, ბოლოს და ბოლოს, ტელევიზიის დირექტორი ვარ-მეთქი. წადი და გაასაჩივრეო. არადა, გასაჩივრების სამთვიანი ვადა უკვე გასული იყო. პარადოქსია ის, რომ ამ ტელევიზიის მფლობელები მე და სახელმწიფო ვართ, მაგრამ ეკონომიკის სამინისტრომ ჩემი დევნა დაიწყო და 216 ათას ლარს მე მომედავნენ. ზუგდიდის სასამართლომ კი ჩვენი ერთი სიტყვა არ გაითვალისწინა.
2014 წელს მარეგულირებელმა კომისიამ ლიცენზია ჩამოგვართვა, _ 90 დღეზე მეტს არ მაუწყებლობდითო. არადა, ჩემთან ერთად სახელმწიფო რომ იყო მეწილე, ამაზე ხმა არ ამოუღიათ. გარდა ამისა, მარეგულირებლის მუშაობის შესახებ პარლამენტის სპეციალური კომისიის დასკვნაში წერია, რომ სახელმწიფომ დაარღვია კანონი, როდესაც დაიბრუნა ტელევიზიის წილი, თუმცა ეკონომიკის სამინისტროში არც ამისთვის მიუქცევიათ ყურადღება.
პრეზიდენტსა და პრემიერსაც მივწერეთ წერილი, მაგრამ ამაოდ. ეს წერილები ქონების მართვის სამინისტროშია დაპატიმრებული. ყველანაირად დაარღვიეს ჩემი უფლებები, რაც ძალადობაა სახელმწიფოს მხრიდან”-აცხადებს დარეჯან კვარაცხელია.