
2006 წლის 2 ნოემბერს, რუსეთის საზოგადოებრივი ტელევიზიის პირველმა არხმა, რომელიც მაშინაც სამთავრობო მედიარესურსს წარმოადგენდა, გაავრცელა აფხაზური ტელევიზიით გადაცემული, კოდორის ხეობაში საქართველოს პრეზიდენტის ყოფილი რწმუნებულის ემზარ კვიციანის ვიდეომიმართვა.
მიმართვაში ემზარ კვიციანი პასუხისმგებლობას იღებს შს მინისტრის ვანო მერაბიშვილის მანქანისთვის ცეცხლის გახსნაზე და აცხადებს, რომ არ შეწყვეტს წინააღმდეგობას, თუკი საქართველოს ხელისუფლება პრობლემის ძალისმიერი გზით გადაწყვეტას არ გადაიფიქრებს.
ინფორმაციის მიხედვით, ჩანაწერი ემზარ კვიციანის ვიდეომიმართვით სოფელ ლათას გამეობის შენობის შესასვლელთან აღმოაჩინეს და აფხაზური ტელევიზიით უჩვენეს.
კვიციანი ამბობს, რომ ის თავის თანამებრძოლებთან ერთად იმყოფება კოდორის ხეობაში და არა აფხაზეთში ან რუსეთში, როგორც ოფიციალური თბილისი აცხადებს, თუმცა, ამ განცხადებიდან ცოტა ხანში დადასტურდა, რომ ემზარ კვიციანი 2006 წლის ივლისში ჩატარებული სპეცოპერაციის შემდეგ აფხაზეთის გავლით ჩავიდა სოჭში და მთელი შემდგომი პერიოდის განმავლობაში თავს სწორედ რუსეთს აფარებდა.
ვიდეომიმართვა შეიცავს მუქარას საქართველოს სამთავრობო ძალებისა და ცენტრალური ხელისუფლებისადმი, რომ თუ ისინი არ გავლენ კოდორის ხეობიდან, კვიციანი მიმართავს საპასუხო ქმედებებს.