
„ფორბსთან“ ინტერვიუში საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ 9 წელიწადში საქართველოში კულტურული რევოლუცია მოხდა და შეუძლებელი იყო, ამას კულტურული შოკი არ გამოეწვია. მისივე თქმით, ციხის სკანდალი თავიდან ბოლომდე საბაბი იყო.
"მე მინდა ვთქვა, რომ საქართველოში მოხდა კულტურული რევოლუცია. მთლიანად შეიცვალა პოლიტიკური და მეტწილად მენტალური კულტურა. ეს არის ბევრად უფრო დიდი პროცესი, ვიდრე ხალხს წარმოუდგენია. კონკრეტულ პოლიტიკურ პროცესებს, ფაქტებს, მოვლენებს, დანაშაულებს ასახელებენ. მე ბევრად უფრო ფართოდ შევხედავდი ამას ყველაფერს. რომ ნახოთ 9-10 წლის წინანდელი საქართველო, იყო საერთოდ სხვა ქვეყანა, სხვა ფერები იყო ქვეყანაში, ნამდვილად მუქი.
აღარ ვლაპარაკობ, რომ იყო სიბნელე და სიცივე. უბრალოდ, მარტივად, ხალხი იყო სხვანაირი. ბოდილენგვიჯი იყო სხვანაირი, გამოხედვა იყო სხვანაირი. ეს შეგვიძლია კადრებში ვნახოთ. ახლა ბევრს ვუყურებ კადრებს, წიგნს ვწერ და ამიტომ ვუყურებ ძველ ქრონიკებს. აი, როგორც ძველ საბჭოთა კადრებს რომ უყურებ და გიკვირს, რომ ეს რა სხვა ხალხი იყო, 2003 წლის საქართველო იყო რეალურად ბევრწილად, მეტწილად, მენტალურად, საქციელით, ქმედებებით სხვა საზოგადოება.
აი, ეს ამოტრიალდა 9 წელიწადში. უმეტეს პოსტსაბჭოთა სივრცეში დარჩა კიდევ ის საზოგადოება, ესე იგი საქართველო გადახტა ერთი საფეხურით. შეიქმნა მთლიანად ახალი ურთიერთობები და ამას არ შეიძლება არ გამოეწვია კულტურული შოკი.
ეს იგივე რაღაცაა, როგორც ახალ ტრანსპლანტაციას არ იღებს ორგანიზმი, და მუდმივად უარყოფს, ზუსტად ასევე ბევრი ეს ცვლილება ავტომატურად იწვევს უარყოფას. ამიტომ თავიდან ამ უარყოფას არ ჰქონდა კონკრეტული შინაარსი: გახსოვთ ჯღანას აქცია, მაგალითად, მოჭიდავეების. ძალიან ბევრი გამოვიდა ჯღანას მხარდასაჭერად. მე ეს საერთოდ არ მესმოდა – რატომ უნდა მოგწონდეს ჯღანა. მე დარწმუნებული ვარ, იმ ხალხს საერთოდ არ აინტერესებდა, ვინ იყო ჯღანა. ისინი გაუცნობიერებლად თუ გაცნობიერებულად გამოხატავდნენ პროტესტს, ნებისმიერი საბაბით. შემდეგ იყო ლოზუნგები: "დაგვიბრუნეთ ღირსება". ბუნებრივია, ძალიან ზოგადი ლოზუნგი იყო.
მერე, რა თქმა უნდა, გაჩნდა კონკრეტული თემები, გირგვლიანი, სხვა თემები. და უკვე გაჩნდა მიზეზები და საბაბებიც. საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, ციხის სკანდალი იყო თავიდან ბოლომდე საბაბი და, მაგალითად, რაფალიანცი იყო უბინძურესი შექმნილი საბაბი, უკვე კლასიკური სპეცოპერაცია! ეს საბაბები თავისთავად ვერ იმუშავებდა, საზოგადოებას რომ არ ჰქონოდა მოთხოვნა უარყოფის.
მაგრამ ეს იყო ნამდვილად სოციოლოგიურ-კულტურული ფენომენი. ამიტომ ზედმეტად ჩხრეკას მიზეზებში მე არ ვუჭერ მხარს. რა თქმა უნდა, გაკვეთილები ვისწავლეთ საკმარისზე მეტი. და, რა თქმა უნდა, ბევრი რაღაცა სხვანაირად შეიძლებოდა გაკეთებულიყო, მაგრამ ერთი რამე არის ცხადი: როდესაც ხდება სწრაფი ტრანსფორმაცია, ხდება ასევე მკვეთრი ამბობს ინტერვიუში სააკაშვილი.
news.ge