
საპარლამენტო უმრავლესობის ახალი წევრი, ყოფილი „ნაციონალი“, ხობის მაჟორიტარი დეპუტატი გოდერძი ბუკია ვერ ხვდება, რა ლოგიკური კავშირია რუსეთის გინებაში აფხაზეთის წართმევის გამო: "ასე არ უნდა დაწვრილმანდეთ", - ამბობს ის "ვერსიასთან" საუბარში.
" რუსეთს უნდა ვაგინოთ, რომ აფხაზეთი წავართვათო - ეს რა ლოგიკაა?
- რუსეთი ახსენეთ, სადაც თავის დროზე საქართველოს ელჩი იყავით. როგორც დიპლომატი, ფიქრობთ, აფხაზეთის ანექსიის გამო რუსეთი უნდა ვაქოთ?
- ჩვენ დღეს ამ გარემოში ვცხოვრობთ და სხვაგან ვერ გადავსახლდებით. დროშის ფრიალი არაა საჭირო, ეკონომიკა ავაღორძინოთ და აფხაზები ჩვენსკენ გამოიქცევიან. ისეთი ჩამოუყალიბებელი პოლიტიკური ვითარება, როგორიც საქართველოშია, სხვაგან არსად მეგულება. რატომ არ უნდა ველაპარაკოთ მეზობელს? რუსეთის გავლენა სომხეთსა და აზერბაიჯანზეც დიდია, ჩვენ როგორ შევინარჩუნოთ ან დავიცვათ თავი ამ გავლენის დარეგულირების გარეშე? სულაც არ ვფიქრობ, რომ რომელიმე ჩვენი მეზობელი აგრესიულია.
- რუსეთი აგრესორი არ არის?
- რითაა აგრესორი? ასე არ ვფიქრობ. რა გიკვირთ? წვრილმანი ურთიერთობებიდან ამ პროცესს არ უნდა შევხედოთ.
- თქვენთვის წვრილმანია აფხაზეთი და ცხინვალი?
- აგრესორი ყველაა. გააჩნია, ვინ როგორ მოქმედებს. თურქეთი ათჯერ მეტი აგრესორია ჩემთვის, ასევე ირანიც, რომელმაც დაგვაქცია, მაგრამ ხომ ვთანამშრომლობთ. თავის დროზე, ხომ წაიღეს ჩვენი ტერიტორიები. ყველას თავისი ინტერესი აქვს.
რა მოვიგეთ 9 წლის განმავლობაში რუსეთს დედას რომ ვაგინებდით? პირველ რიგში, საკუთარ თავზე უნდა ვიფიქროთ. სტალინის სიტყვები გავიხსენოთ, მიზნის მისაღწევად ყველა საშუალება გამართლებულია და არ მითხრათ, სტალინი დეგენერატიაო“,-განაცხადა გოდერძი ბუკიამ „ვერსიასთან“.