
"ჩაანალიზებაში მე იმდენად ძლიერი ვერ ვარ, არ მაქვს დამადასტურებელი მტკიცებულება, ვინ იდგა ამის უკან", - ასე უპასუხა ვროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის ყოფილმა მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმა "არჩევანის" წამყვანის შეკითხვას: "როგორია თქვენი ანალიზი, ვინ შეიძლებოდა მდგარიყო ალასანიას დისკრედიტაციის უკან?"
მანამდე ყოფილმა მინისტრმა განაცხადა, რომ ირაკლი ალასანიაც, მაია ფანჯიკიძეც, დავით ზალკალიანიც და თავადაც ყველა საერთაშორისო სტრუქტურის ყურადღებას მიიპყრობენ, რათა თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების მიმართ დაწყებული გამოძიება გამჭვირვალე გახდეს.
აქვე ალექსი პეტრიაშვილმა განაცხადა, რომ ამ გამოძიებას არ უკავშირებს იმ გამოძიებას, რომელიც წინა ხელისუფლების წარმომადგენელთა მიმართ მიმდინარეობს და აცხადებს, რომ მათთან, ანუ სააკაშვილთან, მერაბიშვილთან და სხვებთან კონკრეტული კითხვები ძალადობის ფაქტების გამო არსებობდა და მათ არ უნდა შევადაროთ "კაბელების საქმე".
წამყვანის შეკითხვაზე: "კი, მაგრამ ეს შეკითხვები ხომ იგივე პროკურატურას ჰქონდა, მაშინ არ იყო ეს პოლიტიკური დევნა?" პეტრიაშვილმა უპასუხა: "მე მათთან მქონდა საუბრები და იმის ნაცვლად, რომ ეს დაუსრულებელი საგამოძიებო სერიალები დასრულებულიყო, მათ ძველ გამოუძიებელ საქმეებს ახალი დაუმატეს".