
ქართველი ტრანსგენდერი გიორგი ჩხარტიშვილი, იგივე მაცაცო აცხადებს, რომ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს იგი დათა ახალაიას ადვოკატს ირაკლი ზაქარეიშვილს ლგბტ თემის წევრობასა და წარსულში ნასამართლეობაში ამხელს, არის სიცრუე. მაცაცოს თქმით, მისი სახელით გარკვეული ადამიანები ბოროტად სარგებლობენ.
„რამდენიმე დღეა, საინფორმაციო სააგენტოებით გავრცელდა ჩემი სახელით გაკეთებული კომენტარი, დათა ახალაიას ადვოკატის, ირაკლი ზაქარეიშვილის ლგბტ თემის წევრობისა და წარსულში ნასამართლევობის შესახებ.
მინდა საზოგადოებას ვაცნობო და განვმარტო, რომ აღნიშული განცხადება არ არის ჩემს მიერ გაკეთებული და გავრცელებულია ჩემი სახელისა და გვარის გამოყენებით, ჩემთან შეთანხმების გარეშე.
მე ვარ სრულიად თავისუფალი ადამიანი თავისუფალ სამყაროში, მე არასოდეს არ მოვერიდები მთავრობის ან პარლამენტის შემადგენლობაში გამოვავლინო და საჯაროდ დავასახელო ლგბტ თემის წევრები, რომლებსაც სახეზე ნიღბები აქვთ გაკეთებულები და როგორც თავის თავს, ისე ხალხსაც ატყუებენ, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ირაკლი ზაქარეიშვილთან მიმართებაში გავრცელებული ნიუსი, არ წარმოადგენს ჩემს მიერ გაკეთებულ განცხადებას.
ამავდროულად, მინდა ყველა მედიასაშუალებას მოვუწოდო, თავი შეიკავონ ისეთი გაცხადებების გავრცელებისაგან, რომელიც არ არის პირადად ჩემთან შეთანხმებული, ან არ აქვთ მიღებული პირადად ჩემთან კომუნიკაციის შედეგად.
ვინაიდან ვარ საქართველოში ერთ-ერთი ცნობილი ლგბტ თემის წევრი, რომელიც ღიად საუბრობს და ისაუბრებს სხვადასხვა საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე, ჩემი "ფეისბუქის" გვერდი არაერთხელ გამხდარა კიბერ თავდასხმის მსხვერპლი.
შესაბამისად, გთხოვთ, მედიის საშუალებებმა, პირადად ჩემთან სატელეფონო კომუნიკაციის გარეშე, არ დაუშვან პროვოკაციული შინაარსის განცხადებების გავრცელება, რომელმაც შესაძლოა უარყოფითი შედეგები გამოიწვიოს“, - ამბობს ჩხარტიშვილი.
შეგახსენებთ, რომ 31 მაისს CP.ge-მ გაავრცელა განცხადება, სადაც გიორგი ჩხარტიშვილი ამბობს, რომ ''დათა ახალაიას ადვოკატი ნამდვილად არის გეი''.