-
2018-05-21 15:28
საშენ მასალათა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის თბობგერასაიზოლაციო მასალათა ლაბორატორიის თანამშრომლები თამარ გოგიას იხსენებენ, რომელიც არაერთი მნიშვნელოვანი გამოგონების ავტორია.
თამრიკო, ჩემი ტკივილი, ლამაზი დიდი შავი თვალებით, რომლებიც თითქოს ცეცხლს აფრქვევდნენ. თამრიკო ჩემთვის ყოველთვის ასოცირდებოდა ანა კალანდაძის ლექსთან "და რა ქალი, ხელის გულზე სატარები, რა თვალები ელვის ცეცხლის დამჭერი"...
1973-74 წლებში ჩვენი განყოფილება შეივსო რამოდენიმე ახალგაზრდა წარჩინებული კურსდამთავრებულით, ყველანი კარგები იყვნენ, მაგრამ თამრიკო იყო გამორჩეული, რაღაც სხვა ხიბლი ჰქონდა. ყველას მაშინვე შეგვაყვარა თავი. იყო ნამდვილი ინტელექტუალი, ძალიან უყვარდა პოეზია და მუსიკა და ღრმად ესმიდა. ყველაფერ ამას არაჩვეულებრივად უთავსებდა ჩვენს საკმაოდ პროზაულ სპეციალობას.
მისი გამოსვლები ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოზე და კონფერენციებზე ყოველთვის იყო შთამბეჭდავი და არგუმენტირებული. თანაბრად ფლობდა ქართულ და რუსულ ენებს. 1983 წელს წარმატებით დაიცვა დისერტაცია თემაზე: "საბათქაშე ბგერათმშთანთქმელი მშრალი ნარევების და ხსნარების ტექნოლოგიის დამუშავება და თვისებების კვლევა".
მისი რეცეპტურით და ხელმძღვანელობით შეილესა ჯანსუღ კახიძის სახელობის საკონცერტო დარბაზი - აქვს სამი საავტორო მოწმობა. მისი სტატიები იბეჭდებოდა ინსტიტუტის კრებულებში და სხვა ტექნიკურ ჟურნალებში. ჩვენ, დამხვდურები 10-15 წლით უფროსები ვიყავით მასზე, მაგრამ რჩევას კითხავდი, არაჩვეულებრივად გაგირჩევდა ლიტერატურულ ნაწარმოებს, კინოფილმს.
არ გამორჩებოდა ახალი წიგნის გამოცემა, პირადად მე პოეტური კრებულებით მამარაგებდა. ეს წიგნები ახლა ჩემთვის თამრიკოსთან მიახლოებაა. თამრიკო იყო ძალიან უშუალო, გულისხმიერი, არავინ რჩებოდა უყურადღებოდ იყო არაჩვეულებრივი ადამიანი. თამრიკო არასოდეს დაგვავიწყდები. ერთი წელი გავიდა, მაგრამ უცრემლოდ ვერ გიხსენებთ. ღმერთმა ნათელში ამყოფოს შენი სპეტაკი სული.
საშენ მასალათა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის თბობგერასაიზოლაციო მასალათა ლაბორატორიის თანამშრომლების სახელით
- თინა მეტონიძე.
P.S თქვენს ოჯახში სტუმრობა იყო დღესასწაული. ჩვენ კვლავაც ვივლით შენს საყვარელ და-ძმასთან და არ დავკარგავთ იმ სითბოს, რომლითაც მუდამ სავსე იყო შენი ოჯახი.