-
2014-11-22 22:30
საქართველოს ყოფილი ენერგეტიკის მინისტრი და პრემიერი ნიკა გილაური კახა ბენდუქიძეს იხსენებს და ემშვიდობება. სტატუსი გილაურმა "ფეისბუქზე" გამოაქვეყნა და ბენდუქიძესთან ურთიერთობის დეტალებიც გაიხსენა.
"დღეს კახა ბენდუქიძის გასვენებაა. დღევანდელი დღე მინდა მივუსამძიმრო ყველას, ვისაც უყვარდა კახა, იცნობდა კახას, ვისაც ესმოდა მისი და ვინც სწავლობდა მისგან.
საქართველომ დაკარგა ერთ-ერთი ყველაზე დიდი პატრიოტი, მსოფლიო საზოგადოებამ კი ერთ-ერთი დიდი მოაზროვნე და თავისუფლებისთვის მებროძოლი. მე და კახა ძალიან ბევრს ვკამათობდით და ვჩხუბობდით კიდევაც, მაგრამ მიუხედავად ამისა ძალიან კარგ მეგობრებად ვრჩებოდით.
როდესაც მჭირდებოდა რომელიმე ახალი რეფორმის სიმტკიცეზე შემოწმება და კრიტიკის ქარცეცხლში გატარება, აუცილებლად კახას მივმართავდი ხოლმე და თან თავს ძალით დავიპატიჟებდი, რადგან უგემრიელესი საჭმელი კეთდებოდა მასთან. იცოდა რომ საცივი მიყვარდა და აუცილებლად საცივს დამახვედრებდა ხოლმე - თან დააყოლებდა "რატომ გვაქვს ქართველებს ეს უაზრო ტრადიცია რომ საცივი მარტო ახალ წელს უნდა ვჭამოთ და შილა მარტო გასვენებაში. ორივე უგემრიელესია და როცა მოგვინდება მაშინ ვჭამოთო".
ბევრი კამათის შემდეგ რაღაცაზე შევთანხმდებოდით, რაღაცაზე ვერა, მაგრამ ყოველთვის ბევრი ახალი იდეით და მოსაზრებით გამოვდიოდი ხოლმე მისგან.
უაღრესად განათლებული და არაჩვეულებრივი ანალიტიკური აზროვნების ადამიანი იყო. მასთან კამათი ერთი სიამოვნება იყო :)) სხვა რომ არაფერი იყოს მას ორი უდიდესი დამსახურება აქვს ქართული საზოგადოების წინაშე - მან ჩაუყარა საფუძველი ქვეყნის ეკონომოკურ ტრანსფორმაციას და შექმნა რეგიონში ერთ-ერთი საუკეთესო საგანმანათლებლო ცენტრი. მან უდიდესი ინვესტიცია გააკეთა ქვეყნის მომავალში და დარწმუნებული ვარ, რომ სწორედ მომავალი თაობები უფრო მეტად დააფასებენ მას", - წერს ნიკა გილაური.