-
2014-08-30 23:52
უკრაინის ქალაქ ბერდიანსკის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა ქალაქის თავდაცვის მოხალისეთა ჯგუფის მეთაურის ვიტალი ბელთაძის მიმართვა მოსახლეობისადმი, სადაც ის ქალაქის დაცვისთვის აუცილებელი ზომების მიღებაზე ამახვილებს ყურადღებას.
ბელთაძე მოსახლეობას მოუწოდებს, იყვნენ ფხიზლად და ნებისმიერი საეჭვო პირის, ავტომობილის ან ნივთის ქალაქში გამოჩენის შემთხვევაში მიაწოდონ ინფორმაცია ბერდიანსკის თავდაცვის ცხელ ხაზს ან სამთავრობო სტრუქტურებს.
ბელთაძე მიმართვაში ამბობს, რომ აუცილებელია, აქტიურად დავუჭიროთ მხარი უკრაინის არმიას და ზალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებს:
„აქტიურად დავუჭიროთ მხარი არმიასა და მოხალისეთა ბატალიონებს - ისინი ჩვენი დამცველები არიან, ჩვენ კი - მათი ფარი!
ნუ იჯდებით შინ ტახტზე, ნუ დაელოდებით, სანამ ომი თქვენს სახლში შეაბიჯებს, გამოდით თავდაცვის რაზმელებთან ერთად ქუჩების პატრულირებაზე - აიღეთ პასუხისმგებლობა თქვენს ქალაქში მშვიდობისა და მართლწესრიგის დამყარებისთვის.
დიდება უკრაინას! მშვიდობა თქვენ და თქვენს ოჯახებს!“, - ნათქვამია მიმართვაში.
ბერდიანსკი უკრაინის ზაპოროჟიის ოლქის ქალაქი-კურორტია. ის აზოვის ზღვის ნაპირზე, ბერდიანსკის ყურეში მდებარეობს. 2001 წლის აღწერის მიხედვით, ქალაქში 121.700-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობს.
ვიტალი ბელთაძე 1958 წელს, სამტრედიაში დაიბადა. ის უკვე წლებია (1966 წლიდან), ბერდიანსკში ცხოვრობს, ადგილობრივი ბიზნესმენია და დიდი ავტორიტეტით სარგებლობს მოსახლეობაში.

