-
2014-08-29 14:48
ნოვოაზოვსკის რაიონში რამდენიმე რუსული დანაყოფი უკრაინელთა მხარეს გადავიდა, - ამის შესახებ ინფორმაცია, კონკრეტული სამხედრო პირის დასახელებით, „ფეისბუქზე“ ვრცელდება.
სახელდება დანაყოფის მეთაური ალექსანდრე სამოილოვი, რომლის სიტყვები სოციალურ ქსელში ელვის სისწრაფით ვრცელდება:
„მიმიფურთხებია ასეთი სამხედრო სამსახურისთვის, თუკი უკრაინაში სისხლის დაღვრა მომიწევს. ჩვენ მივიღეთ ბრძანება, დამიზნებით ვესროლოთ სამხედროებს, მე კი იქ უამრავი ნათესავი მყავს...
იმ შემთხვევაშიც კი, თუ ციხეში ჩამსვამენ, რუსეთში ყველანი ისედაც ციხეში ვართ, უბრალოდ, ამაზე ხმამაღლა არავინ ლაპარაკობს, ყველას ეშინია. მე შევფიცე რუსეთს და არა *უილოს. დაე, დამხვრიტონ, თუ სხვაგვარად შეუძლებელია, მე ოფიცერი ვარ და ბანდიტი არ გავხდები“.
სამოილოვის გადაწყვეტილების საფუძველი გახდა ის ფაქტი, რომ უკრაინელი მოხალისეების ერთერთ ბატალიონში სამხედრო სასწავლებლის ლექტორი ირიცხება, რომელიც მას ხარკოვის სატანკო სამხედრო სასწავლებელში ლექციას უკითხავდა. მათ სატელეფონო კონტაქტი ჰქონდათ მთელი რუსულ-უკრაინული კონფლიქტის განმავლობაში, მისი დაწყების დღიდან.
არცერთს არ სჯეროდა, რომ რუსეთის რეგულარული არმიის ნაწილები უკრაინაში შევიდოდნენ, ხოლო როცა ეს მოხდა, ალექსანდრემ გადაწყვიტა, იმ ქვეყნის მხარეს გადასულიყო, რომელიც თავის მიწა-წყალსა და მოქალაქეებს, დამოუკიდებლობას იცავს. ოფიცერმა მისდამი დაქვემდებარებულ სამხედროებსაც მოუწოდა, იგივე გაეკეთებინათ.
ალექსანდრე ამბობს, რომ რუსეთის არმიის ოფიცერთა კორპუსში სრული დაბნეულობა და გაორება შეინიშნება, მეზობელ ქვეყანაში მათი სამხედრო მისიის გამო. უკრაინის მხარეს მასობრივი გადასვლისგან, ალექსანდრეს თქმით, ისინი თავს მხოლოდ იმიტომ იკავებენ, რომ არ იციან, მისცემს თუ არა უკრაინა უსაფრთხოების გარანტიას თეთრი დროშის აღმართვის შემთხვევაში.
ანტიტერორისტული ოპერაციის შტაბი, ჯერჯერობით, კომენტარისგან თავს იკავებს, საველე მეთაურები კი ღირსეულ მოპყრობას ჰპირდებიან მათ, ვინც უარს იტყვის ძმათამკვლელ ომში მონაწილეობაზე. ისინი ურჩევენ რუს სამხედროებს, მკვეთრად გამოაჩინონ თავიანთ სამხედრო ტექნიკის ერთეულზე თეთრი ფერის ნიშანი - მაისური ან ზეწრის ნახევი, ხოლო ტექნიკას წინ გაუძღვეს ერთი ჯარისკაცი, რომელსაც, ასევე თეთრი ალამი ექნება ხელში.