-
2014-05-29 15:51
აფხაზეთის ოპოზიციის უკმაყოფილების მიზეზი ეკონომიკური მდგომარეობაა, მაგრამ მთავარი მაინც აფხაზეთში მცხოვრები ეთნიკური ქართველების მიმართ პრეზიდენტ ალექსანდრე ანქვაბის ლიბერალური დამოკიდებულება იყო. – ამის შესახებ ფილადელფიის საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის ექსპერტმა, მაიკლ ჩეჩირემ "ბი-ბი-სი“-სთან" საუბრისას განაცხადა.
"ბატონი ანქვაბი ყველაზე მეტ ადვოკატირებას უწევდა ეთნიკურად ქართველების აფხაზურ საზოგადოებაში სრულ ინტეგრაციას, რაც მათთვის პასპორტების დარიგებასა და აფხაზეთის "მოქალაქეობის" მიცემას გულისხმობს. რაულ ხაჯიმბას ოპოზიციამ ეს ანქვაბის პოლიტიკურ ფანდად მიიჩნია, რომელსაც ამ გზით ელექტორატის მოზიდვა სურდა და განაცხადეს, რომ ამ პოლიტიკას შეეძლო, საფრთხე შეექმნა ეთნიკური აფხაზების იდენტობისთვის", - აღნიშნავს მაიკლ ჩეჩირე.
ამასთან, როგორც ამერიკელი ექსპერტი აცხადებს, იმედგაცრუება სავარაუდოდ, რეალურია. მისივე თქმით, რუსეთი და აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება აფხაზებს დაპირდა, რომ 2014 წლის სოჭის ოლიმპიადა ქვეყნის ეკონომიკას გააძლიერებდა, მაგრამ ასე არ მოხდა.
"სოჭის ოლიმპიადა აფხაზეთის ეკონომიკის გაძლიერების გზად მიიჩნეოდა, მაგრამ იმედგაცრუების ყველაზე შესამჩნევი ეფექტი უსაფრთხოების გაფართოებული კორდონი იყო, რომელმაც შეაღწია აფხაზეთის საზღვრის მიღმა", - განაცხადა მაიკლ ჩეჩირემ. მისივე თქმით, ზოგიერთი ეკონომიკური პრობლემა დე ფაქტო ხელისუფლების არაეფექტური მმართველობის გამო შეიქმნა, მაგრამ აფხაზეთში საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების რეალური ძალაუფლება რუსეთს ეკუთვნის.
"მაგალითად, მოსკოვის მიერ დაფინანსებულმა მშენებლობების ბუმმა ჩეჩნეთში გააუმჯობესა ადგილობრივმა მატერიალური მდგომარეობა (მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის უფლებათა დაცვა დიდ პრობლემად რჩება), თუმცა მსგავსი არაფერი მომხდარა აფხაზეთში", - აცხადებს მაიკლ ჩეჩირე. ამასთან, როგორც ამერიკელი ექსპერტი აღნიშნავს, თუ რაულ ხაჯინბა მოიპოვებს ძალაუფლებას, ალბათობა იმისა, რომ გალში მცხოვრები ქართველები მოიპოვებენ ფართობასშტაბიან პოლიტიკურ უფლებებსა და აღიარებას, მკვეთრად შემცირდება, მაგრამ აფხაზეთის საქართველოსთან ურთიერთობა შესამჩნევად არ შეიცვლება.
"შესაძლოა, იყოს შენელება ან თუნდც გარკვეული შემობრუნება აფხაზეთის რუსეთთან ინტეგრაციის თვალსაზრისით, მაგრამ ბატონ ხაჯინბას არ გაუკეთებია მინიშნება, რომ საქართველოსკენ მიბრუნების ან დასავლეთთან, როგორც ალტერნატიულ არჩევანთან, შებრუნების სურილი აქვს. ეს კი ნიშნავს, რომ სოხუმი გააგრძელებს მოსკოვზე დამოკიდებულებას ბიუჯეტისა და ეკონომიკის მხრივ", - აღნიშნავს მაიკლ ჩეჩირე.