-
2015-06-13 01:01
უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს ადმინისტრაციაში კომენტარს არ აკეთებენ შეკითხვაზე, თქვა თუ არა უარი მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს მოქალაქეობაზე. ამასთან, ადმინისტრაციაში განმარტეს, რომ სააკაშვილი ამჟამად "ლუსტრაციასთან დაკავშირებულ შემოწმებას გადის", რაც ნებისმიერი სახელმწიფო მოხელისთვის აუცილებელი პროცედურაა.
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციას შეკითხვით "ნოვოსტი უკრაინიმ" მიმართა და დაინტერესდა, თქვა თუ არა მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს მოქალაქეობაზე უარი, როცა უკრაინის მოქალაქეობა მიიღო.
"საკითხი კონფიდენციალურია და მასთან დაკავშირებული ინფორმაციის გაცემა გამოიწვევს დასახელებული პირის უფლებების დარღვევას, რაც კანონდარღვევაა, შესაბამისად, ამ კითხვაზე პასუხს ვერ გაგცემთ", - ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის საპასუხო წერილში. რაც შეეხება ლუსტრაციის პროცესს სააკაშვილისთვის, უკრაინაში 2014 წლის ბოლოს მიღებული კანონის "ხელისუფლების წმენდის (ლუსტრაციის) შესახებ", ნებისმიერი სახელმწიფო მოხელე უნდა გათავისუფლდეს თანამდებობიდან, თუკი ის არანაკლებ 2010 წლის 25 თებერვლიდან 2014 წლის 22 თებერვლამდე, არანაკლებ ერთი წლის განმავლობაში იკავებდა სახელმწიფო თანამდებობას.
კანონი ეხება იმ პირებსაც, რომლებიც სახელმწიფო თანამდებობას მითითებულ პერიოდში, მაგრამ 2013 წლის 21 ნოემბრიდან 2014 წლის 25 თებერვლამდე ერთ წელზე ნაკლები დროის განმავლობაში იკავებდნენ და არ დაწერეს განცხადება საკუთარი სურვილით თანამდებობის დატოვების შესახებ. ამას გარდა, მათ 10 წლით ეკრძალებათ სახელმწიფო თანამდებობის დაკავება.
კანონი ლუსტრაციის შესახებ ეხება იმ სახელმწიფო თანამდებობების პირებსაც, რომლებიც ადრე თანამშრომლობდნენ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან უკრაინელი ხალხისა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ, ასევე პირებს, რომელთა დეკლარირებული შემოსავლები ბევრად ჩამორჩება მათ რეალურ შემოსავალსა და ქონებას. კანონი 2014 წლის 25 სექტემბერს სევიდა ძალაში, როცა მას უმაღლესი რადის თავმჯდომარემ ალექსანდრე ტურჩინოვმა ხელი მოაწერა, ხოლო პრეზიდენტ პოროშენკოს ხელმოწერა კანონზე 9 ოქტომბრიდანაა დაფიქსირებული.
როგორც ჩანს, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, რომელსაც არასდროს დაუკავებია რაიმე სახელმწიფო თანამდებობა უკრაინაში, ლუსტრაციის პროცესი წმინდა წყლის ფორმალობაა, თუმცა, რამდენიმე თვის განმავლობაში მის საკითხსა და შესაბამისობას კანონთან სპეციალური კომისია სწავლობს. აღსანიშნავია, რომ მიღებული კანონის მიხედვით, დიდი მნიშვნელობა ენიჭება იმასაც, თუ რა პოზიცია ჰქონდა სახელმწიფო მოხელეს კიევისა და სხვა ქალაქების ევრომაიდნების მიმართ და უშლიდა თუ არა ხელს ნებსით ან უნებლიედ მის გამართვას.