
14 მაისს, ტაბახმელაში, სადაც მოსახლეობასთან თბილისის მერობის კანდიდატის, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ წარდგენილი ნიკა მელიას შეხვედრა მიმდინარეობდა, სცენაზე „ქართული ოცნების“ კოორდინატორი ავიდა.
მას მიკროფონი დაუთმეს და ქალბატონმა დარბაზში მყოფ ყველა მოქალაქეს მოუწოდა, დაეტოვებინათ დარბაზი და გასულიყვნენ ეზოში, სადაც მათ „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი დავით ნარმანია ელოდებოდათ. ამასთან, არაა გარკვეული, ქალბატონი ნარმანიას შტაბის მითითებით მოქმედებდა თუ საკუთარი ინიციატივით.
კოორდინატორის მოთხოვნას მოსახლეობა არ აჰყვა და დარბაზში დარჩა. ამ გადაწყვეტილებას შეხვედრაზე მისულები ტაშით შეხვდნენ, რის შემდეგაც ქალბატონმა დარბაზი, ხოლო ნარმანიამ - ტაბახმელა დატოვეს.