
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია, დღეს პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც საუბარი იყო, რომ ტელევიზიასი სათვალთვალო აპარატურის დამონტაჟება მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების დროს დაიწყო.
“მინდა მწუხარება გამოვთქვა იმის გამო, რომ საქართველოს ხელისუფლება პროკურატურის დღევანდელი განცხადებებით ადასტურებს, რომ თავად ხელისუფლებაა ავტორი ფარული ჩანაწერების და მიყურადების და მინდა მადლობა გადავუხადო, რომ დაადასტურეს ჩვენი ვერსია და იმ აგენტების დასახელება მოახდინეს პირდაპირ ეთერში, ვინც “რუსთავი 2”-ში ამ, პრემიერს დავესეხები, ძირგამომთხრელ საქმიანობას ახორციელებდა.
ადამიანები, რომლებიც დასახელდნენ, იყვნენ ისინი, რომელზედაც ჩვენ პირველი ეჭვი გაგვიჩნდა. ერთი მათგანი იყო ტელეკომპანიაში დაცვის ხელმძღვანელი, მეორე კი დამლაგებლების ცვლის უფროსი, ეს ორი ადამიანი ჩვენს ოთახებს შეუზღუდავად აკონტროლებდა და ასევე იმას, რომ ამ ოთახებში, ვინმე შედიოდა თუ არა.
ბატონი კოვზიაშვილი და კევლიშვილი ტელევიზიაში ბუნტურიძის მიერ მოყვანილი პირები იყვნენ და დაცვას დიდი ხნის განმავლობაში ხელმძღვანელობდნენ. ბატონი ბუნტურიძე ტელეკომპანიიდან წავიდა 2012 წლის დეკემბერში და თანაც ისე, რომ ფაქტობრივად არც დაგვმშვიდობებია. ის ამჟამად სასჯელაღსრულების დეპარტამენტში, საკმაოდ მაღალ თანამდებობაზე მუშაობს. კოვზიაშვილის მიერ მიცემული ჩვენება, რომ მან მე მესაუბრა, რომ სადმე რაიმე ვიდეოკამერა არის დაყენებული, არის აბსოლუტური ტყუილი.
კოვზიაშვილს მე ვესაუბრე პირველად ბომბებთან დაკავშირებულ სკანდალზე იმიტომ, რომ ის გვიან ღამით დამხვდა გარეთ. კარგად არც ვიცნობდი. არანაირი საუბრები მე მასთან არ მქონია და რომც მქონოდა და ასე უკანონო დავალება მიმეცა, მას ეს დავალება არ უნდა შეესრულებინა.
შემოწმება, იყო თუ არა შენობაში ფარული მიყურადების აპარატურა, ტელეკომპანიაში 2012 წელს ღია სათვალთავლო კამერების პირობებში, მდივნისა და თანამშრომლების თანდასწრებით ჩატარდა, თუმცა მაშინ იქ არაფერი აღმოჩნდა. ეს აძლიერებდა ჩემს ეჭვებს, რომ კამერები ახალი ხელისუფლების პირობებში დაიდგა.
თეიმურაზ კოვზიაშვილმა ალიბი გაიკეთა, ეს მასალა გადაიღო, რომელიც თითქოს კამერების დამონტაჟებას ეხება და შემდეგ უკვე თავისუფალი იყო ამ კორპორაციაში ეკეთებინა ის, რაც უნდოდა.
ეკეთებინა ის, რაც უნდოდა, ნიშნავს, რომ მან ბუნტურიძის დავალებით კამერები დაამონტაჟა და ბუნტურიძეს საიდან ჰქონდა ეს დავალება, ეს სავსებით ცხადია. ის მუშაობს სასჯელაღსრულების სამინისტროში”, - განაცხადა გვარამიამ.
მან ხაზი გაუსვა იმ გარემოებასაც, რომ ბუნტურიძის შემოსავლები ბოლო წლების განმავლობაში ძალიან გაზრდილია.