
„დასავლეთში 2014 წლის გაკვეთილს თუ არ გაითვალისწინებენ, ეს ყველაფერი ძალიან მალე სადმე განმეორდება. სად? ეს მხოლოდ პუტინმა და მისმა გენშტაბმა იციან“, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი გრიგოლ ვაშაძე ჟურნალ "პრემიერთან" საუბრობს.
ვაშაძის თქმით, სამხრეთი და აღმოსავლეთი უკრაინა ერთადერთი მიმართულება არ არის და არანაკლებ მნიშვნელოვანი და დასაფიქრებელია სახმელეთო საზღვარი სომხეთთან და ირანთან.
„2008 წლის გაკვეთილებმა დასავლეთს ჩაუარა ყოველგვარი შედეგის გარეშე. დასავლეთს 2008 წლის "ქართული გაკვეთილი" გათავისებული რომ ჰქონოდა, 2014 წელი არ მოხდებოდა. 2014 წლის გაკვეთილს თუ არ გაითვალისწინებენ, გარანტიას ვიძლევი, რომ ეს ყველაფერი ძალიან მალე სადმე გამეორდება. სად? ეს მარტო პუტინმა და მისმა გენშტაბმა იციან. სამხრეთი და აღმოსავლეთი უკრაინა ერთადერთი მიმართულება არ არის. არანაკლებ მნიშვნელოვანია სახმელეთო საზღვარი სომხეთთან და იქიდან ირანში.
არანაკლებ მნიშვნელოვანია, დემოგრაფიული თვალსაზრისითაც კი, რუსული მოსახლეობა, რომელიც ყაზახეთის თითქმის 50% ტერიტორიაზეა დასახლებული და ჩვენ შეგვიძლია, გავაგრძელოთ ეს ჩამონათვალი“, - აღნიშნავს ვაშაძე.
საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი აშშ-ს, როგორც ლიდერი ქვეყნის თემასაც ეხება.
"დაემშვიდობა თუ არა შეერთებული შტატები მსოფლიო ლიდერის როლს? მე ამის კატეგორიულად არ მჯერა და ვიცი, რომ სწორიც ვართ. შეიძლება ცალკეული ლოგიკური არგუმენტების მოძებნა გამიჭირდეს, იმ რეალობიდან გამომდინარე, რასაც ვუყურებთ, მაგრამ არც ის დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ დემოკრატიულ ქვეყანაზე ვლაპარაკობთ, სადაც ადმინისტრაცია ორ წელიწადში შეიცვლება. აი, მერე დავილაპარაკოთ და ამ თემას დავუბრუნდეთ“, - ამბობს „პრემიერთან“ გრიგოლ ვაშაძე.