-
2014-11-12 13:40
"აფხაზეთის ხმას" წალენჯიხიდან შეატყობინეს, რომ კურორტ სქურში უკვე მეორე დღეა, ტყის მასივი იწვის. ადგილობრივთა ინფორმაციით, ცეცხლი 40 ჰა ფართობზეა მოდებული.
ხანძრის ჩაქრობისთვის ჯერჯერობით, ვერაფერი კეთდება, რადგან ტყის ის ნაწილი, სადაც ცეცხლი მძვინვარებს, დასახლებული პუნქტიდან დაშორებულია, იქამდე მისასვლელი სამსანქანო გზა კი არ არსებობს. ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს, რომ მიმართეს წალენჯიხის გამგეობას, სადაც განუცხადეს, რომ ტყეში სახანძრო რაზმების გაგზავნას აზრი არა აქვს, რადგან ხანძარი ვერტმფრენებმა უნდა ჩააქრონ.
კურორტი სქური ცნობილია ძველი ტყეებით, რომელთა უმრავლესობაში წიწვოვანი ხეები ხარობს. ამავე ტერიტორიაზე, ასევე მრავლადაა წაბლის მრავალწლიანი ხეები. ჯერჯერობით არაა ცნობილი ტყეში ხანძრის გავრცელების მიზეზიც.