-
2014-11-12 13:08
დუმის ზოგიერთ წევრს ისეთი ნაბიჯის გადადგმა სურს, საბჭოთა კავშირის დროსაც კი რომ არ ჰქონია ანალოგი: მათ სურთ, რუსეთის მოქალაქეებს აუკრძალონ შვილებისათვის ისეთი სახელების დარქმევა, რომლებსაც ხელისუფლებაში მყოფი ზოგიერთი პირი „შეუსაბამოდ“ მიიჩნევს.
30 წლის წინ რუსული საოჯახო სახელების ხუთტომიანი ლექსიკონის ავტორებმა ლიტერატურულ გაზეთში გამოაქვეყნეს სტატია, რომელშიც ამბობდნენ, რომ რუსებმა თავიანთ შვილებს „ელექტრიფიკაცია“ და სხვა ეგზოტიკური სახელები (რომლებიც საბჭოთა პერიოდში გამოიყენებოდა) არ უნდა დაარქვან.
მაგრამ მაშინ ეს სტატია მხოლოდ რჩევის გამოხატულებად იქნა აღქმული და მიუხედავად იმისა, რომ ისეთი სახელების რაოდენობა, როგორიცაა „მელორი“ („მარქსი-ენგელსი-ლენინი-ოქტომბრის რევოლუცია“) შემცირდა, ნულამდე მაინც არ დასულა.
გასულ კვირას კი „როსიისკაია გაზეტამ“ რუსებს აცნობა, რომ დუმის დეპუტატთა ჯგუფი აპირებს კანონმდებლობის მიღებას, რომელიც შექმნის აკრძალულ სახელთა სიას. ამგვარი ინიციატივის დღის წესრიგში დაყენება ალბათ იმ ფაქტმაც დააჩქარა, რომ ერთმა ოჯახმა ბავშვს „ლუციფერი“ დაარქვა.
ადვოკატმა ვიქტორია პაშკოვამ (რომელიც კანონმდებლობის მიღებას უძღვება) განაცხადა, რომ ამგვარი პრაქტიკა სულაც არაა უცხო და მას უკვე მიმართეს გერმანიაში თუ შვედეთში, ხოლო ბელორუსიამ აკრძალა ისეთი სახელების გამოყენება, რომლებიც ეწინააღმდეგება მორალურ ნორმებსა და ქვეყნის ნაციონალურ ტრადიციებს.
მაშინ, როცა მართლმადიდებლურ სახელმწიფოებში ნორმადაა ქცეული რელიგიური სახელებს გამოყენება, ამგვარი ტენდენცია, რუსი სამღვდელოების განცხადებით, საბჭოთა პერიოდში დაკნინდა და გაჩნდა რევოლუციასთან დაკავშირებული თუ სხვა სრულიად ალოგიკური სახელები (ვალდენი, მარლენი, რემი, ვილენი, დაზდრაპერმა, ოქტიაბრინა).
ამას გარდა, ერთი პერიოდი, რუსები თავიანთ შვილებს რევოლუციური ლიდერების სეხნიებადაც ნათლავდნენ: ლედატსი (ლევ დავიდოვიჩ ტროცკი), ფედი (ფელიკ ედმუნდოვიჩ ძერჟინსკი) და ა.შ.
როგორც რუსული სამღვდელოების წარმომადგენელი მამა გენადი აცხადებს, ამჟამად რუსეთში კიდევ ერთი ტენდენცია მძლავრობს, რომლის მიხედვითაც ოჯახები შვილებს რუსეთის უკანასკნელი იმპერატორის სამეფო დინასტიის წარმომადგენელთა სახელებს არქმევენ.
interpretermag.com-ის მიხედვით მოამზადა ბექა ბერულავამ
რედაქციისგან: სტატიის ავტორებს, როგორც ჩანს, გამორჩათ, რომ თანამედროვე რუსეთში ახალშობილებისთვის სახელის დარქმევით მმართველებისადმი პატივის მიგების ფორმამ სხვა მიმართულებაც მიიღო. მაგალითად, სულ ახლახან, ვორონეჟში მცხოვრებმა ქალმა სვეტლანა მიშურინამ ახალშობილ ვაჟს "ტორპუტი" (Торжество Путина) დაარქვა.