-
2014-11-08 13:53
15 დეკემბრიდან შსს-ს მომსახურების სააგენტოში მძღოლობის კანდიდატები მართვის მოწმობის გამოცდას ახალი 3D ბილეთებით ჩააბარებენ.
ახალ ბილეთებში სწორი და არასწორი პასუხების ნუმერაცია გადაადგილებული იქნება მათი შინაარსის შეუცვლელად, რაც საგამოცდო ბილეთების მექანიკურად დამახსოვრებას გამორიცხავს.
ასევე, სიახლეა ისიც, რომ ელექტრონული ტესტირებისას, ზოგიერთ ბილეთში, მისი შინაარსიდან გამომდინარე, სწორი და არასწორი პასუხის ჩვენებისას შეიძლება გამოიყენონ შესაბამისი სიტუაციის აღმწერი ვიდეორგოლი, რომელსაც არ გააჩნია იურიდიული ძალა.
ის მხოლოდ სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღები თეორიული გამოცდის საგამოცდო ტესტების სწორი და არასწორი პასუხების ვიზუალურად ჩვენებისათვის იქნება განკუთვნილი.
ახალ ბილეთებში აღქმის გასაიოლებლად გამოყენებულია საქართველოს ავტომაგისტრალებისა და ქუჩების ფოტო-ვიდეო მასალა.
ელექტრონული ტესტირებისას მეტი თვალსაჩინოებისთვის, შესაძლებელია, საგზაო მოძრაობის კონკრეტული ელემენტის ახლო მანძილიდან დანახვა.
მართვის მოწმობის თეორიული გამოცდის ახალი ბილეთების პრეზენტაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო დღეს, 8 ნოემბერს წარადგენს.
გთავაზობთ თეორიული გამოცდის რამდენიმე ბილეთს, სრულად ბილეთები რამდენიმე დღეში გამოქვეყნდება.









Ambebi.ge