-
2014-11-05 21:51
შპს „დემეტრე 96“ -ში ერთმანეთს სამკერვალო ატელიის თანამშრომლები დაუპირისპირდნენ.
როგორც „კვირას“ კომპანიის დირექტორის მოადგილემ ნიკა ვარდიაშვილმა განუცხადა, ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა სიტუაციის განსამუხტად საპატრულო პოლიციის გამოძახება გახდა საჭირო.
ატელიე ისნის რაიონში, წულაძის 22 ნომერში მდებარეობს.
„ატელიეში მკერავ ქალებს შორის ჩხუბი მოხდა. სიტყვიერი შეურაცხყოფა დაპირისპირებაში გადაიზარდა. სამართალდამცველებმა დაკითხეს ატელიის ორი თანამშრომელი და თათა ვარდანაშვილი. გამომძიებლის კითხვების შემდეგ, თათა ვარდანაშვილმა პოლიციის შენობა დატოვა. ის ქალბატონებიც უკვე სახლში არიან“, – აღნიშნა ნიკო ვარდიაშვილმა.
მანვე კატეგორიულად უარყო გავრცელებული ინფორმაცია, იმის შესახებ, თითქოს თათა ვარდანაშვილთან კითხვები თავდაცვის სამინისტროსთან დაკავშირებით ჰქონდათ.
ცნობისთვის: თათა ვარდანაშვილის სამკერვალო თავდაცვის სამინისტროს ემსახურება. დიზაინერის სამკერვალოში იკერება ჯარისკაცებისთვის სპეციალური უნიფორმები, ჯავშანჟილეტები და ზურგჩანთები.
