-
2014-11-03 14:34
ხელვაჩაურის რაიონის სოფელ სალიბაურში დატრიალებულ ტრაგედიაზე გარდაცვლილი მადონა დავითაძის ბიძაშვილი, ზაზადავითაძე საუბრობს.
მისი თქმით, მადონას სიკვდილის მიზეზი ოჯახში ძალადობაა.
„მადონას დეიდასთან ერთად ვაჭრობდნენ ბადრის მშობლები, იქ უნახავთ გოგო, მოსწონებიათ და ხელის სათხოვნელად ოჯახში მოვიდნენ. მაშინ მადონა 16 წლის იყო. მეუღლე ცოლზე 10 წლით იყო უფროსი. ოჯახს არ უნდოდა პატარა ასაკში გოგოს გათხოვება, მაგრამ თავი არ დაანებეს.
ვაცხადებ, მადონას სიკვდილის მიზეზი ოჯახში ძალადობაა. გოგოს წამოსაყვანად სანათესავო პოლიციის თანხლებით 2 წლის წინ მივედით, მაშინ ორი შვილი ჰყავდა მადონას, ქალ-ვაჟი, მაგრამ მისი წამოყვანა ვერ მოვახერხეთ, გოგო დაშინებული იყო და უარი თქვა. თურმე ქმარი ძმისა და ოჯახის წევრების დახოცვით ემუქრებოდა. ნაცემიც გვინახავს. თავიდან ამას მალავდა.
დედამისი ატყობდა, რომ ცუდ დღეში იყო. ერთხელ სააბაზანოში შეჰყვა და თავისი თვალით ნახა, შვილს დალურჯებული რომ ჰქონდა ტანი. მაშინ გამოუტყდა მადონა, ყველაფერი უამბო. იმ ოჯახში 6 წელი ფაქტობრივად წამებაში გაატარა. მადონა არ მალავდა, რომ ქმართან ერთად დედამთილი და მამამთილიც შეურაცხყოფდნენ, ლანძღავდნენ.
ვერ დავიცავით მისი სიცოცხლე. თურმე აშინებდნენ, შვილებს არ განახებთო. ოჯახში მონასავით ჰყავდათ, ვირივით ამუშავებდნენ. რომ ჰკითხო, მორწმუნე ოჯახია, მაჰმადიანები არიან, მაგრამ მორწმუნე ადამიანი ასეთ რამეს ჩაიდენს? ჩვენც მაჰმადიანები ვართ.
ორი კვირის წინ ბიძაშვილის ქორწილში მოვიდა. სამი მცირეწლოვანი ბავშვით მოიყვანეს და დატოვეს. ქმარიც არ დარჩენილა ქორწილში. დათრგუნვილი იყო, ეტყობოდა, რომ დატანჯული იყო. გულში იკლავდა დარდს. ბიძაშვილისთვის უთქვამს, იქიდან მკვდარს გამომიყვანთო და ასეც მოხდა.
სიმართლე პოლიციამ უნდა გაარკვიოს. როცა მივედით, მადონა საწოლზე ესვენა, ამ მდგომარეობაში დახვდა თურმე პოლიციასაც. .. შეიძლება ცემის დროს შემოაკვდათ და შემდეგ გაითამაშეს თვითმკვლელობის სცენა. კარადაში ადამიანმა თავი როგორ უნდა ჩამოიხრჩოს? საინტერესოა, პოლიციას შემთხვევიდან საათ-ნახევრის შემდეგ რატომ შეატყობინეს? ესეც აჩენს კითხვებს, ამდენი ხანი რას აკეთებდნენ? რა კვალს შლიდნენ?
შარაშიძეების ოჯახი მადონა დავითაძეზე ძალადობას გამორიცხავენ, თუმცა, ვერ ხსნიან, რატომ მოიკლა თავი.
სისხლის სამართლის საქმე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით აღიძრა. მალე ექსპერტიზის შედეგი გახდება ცნობილი. ძალოვანებმა უკვე დაჰკითხეს დაღუპულის ოჯახის წევრები, გამოძიება გრძელდება.
kvirispalitra.ge