
შემთხვევა გორის რაიონის ერთ-ერთ სოფელში მოხდა.
63 წლის მამაკაცები გორის ბაზარში ერთად მუშაობდნენ, ერთი მანქანით მოძრაობდნენ და ერთადაც ქეიფობდნენ ხოლმე.
მეგობრებს შორის უთანხმოება ერთ-ერთი მათგანის მეუღლეზე ეჭვიანობამ გამოიწვია.
„ერთ-ერთი ქეიფის დამთავრების შემდეგ მეუღლეს ვთხოვე მეგობარი კარებამდე გაეცილებინა, რადგან საკმაოდ ნასვამი ვიყავი.
სტუმრის გაცილების შემდეგ ჩემი მეუღლე სახლში შეშინებული მობრუნდა. მიზეზი ვკითხე, მაგრამ არ მითხრა. რამდენიმე დღის შემდეგ სახლში რომ დავბრუნდი, მეუღლე, კვლავ, დაღონებული და ჩაფიქრებული დამხვდა.
მითხრა: სახლის კარები კარგად ჩაკეტე, მგონი, ღამღამობით ჩვენს ეზოში ვიღაც დადის ხოლმეო. ვიფიქრე, მეუღლეს ეჩვენება მეთქი.
იმ ღამეს რაღაც ხმა მომესმა, ავდექი და რას ვხედავ. ავთანდილი ჩემს სახლში შემოსულიყო შუაღამისას, ბატარეას ანათებდა და რას ეძებდა, ვერ გავიგე.
შემდეგ კი ცოლმა გამიმხილა, რომ რამდენიმე დღის წინ, ავთანდილს უთქვამს, ძალიან მშრომელი ქალი ხარ და ძალიან მომწონხარო." - აცხადებს ფრიდონ ბ-შვილი.
ამის შემდეგ ფრიდონმა ავთანდილთან (სახელები შეცვლილია) სიტუაცია გაარკვია. ავთანდილმა მოიბოდიშა, ნასვამი ვიყავიო და ბოდიში მოიხადა.
რამდენიმე ხნის შემდეგ ფრიდონი ნაკვეთში მიდიოდა.
„უკნიდან მომესმა ავთანდილის ლანძღვა-გინების ხმა. რომ მოვიხედე, ნიჩაბი დამარტყა, ხელი დავუხვედრე და გამეჭრა. სისხლი მდიოდა.
მე ხელში წალდი მეჭირა. წამაქცია. ის ხელი დამიჭირა, რომელშიც წალდი მეჭირა. მეორე ხელით კი სახეში და თავში მირტყამდა. როგორღაც მეც მოვახერხე და თავში ჩავარტყი და თავი გაუტყდა.
კიდევ კარგი მეზობელი მოვიდა, თორემ შემომაკვდებოდა ეს ვაჟბატონი. მეც სულ გასისხლიანებული ვიყავი“ - აცხადებს ფრიდონ ბ-შვილი.
ბრალდებულ ავთანდილ ვ-შვილს გირაო აქვს შეფარდებული. იგი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს და ცემაში ფრიდონს ადანაშაულებს.
qartli.ge