-
2014-10-14 01:28
საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ 19 წლის ახალგაზრდის გატაცების უკან, შესაძლოა, "ნაციონალური მოძრაობა" იდგეს: "ეს არის ის, რაზეც ალექსანდრე ჭიკაიძე საუბრობდა დაახლოებით ერთი თვის წინ",
- ასე გამოეხმაურა ირაკლი ღარიბაშვილი შსს-ს მიერ დღეს გახსნილ საქმეს.
"მე მაქვს გონივრული ეჭვი, რომ ამის უკან დგას ორგანიზებული ძალა. დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ეს არის "ნაციონალური მოძრაობის" ხელწერა, თუმცა ამას, რა თქმა უნდა გამოძიება სჭირდება. ეს არის ის, რაზეც ალექსანდრე ჭიკაიძე საუბრობდა სულ რაღაც ერთი თვის წინ, რომ ეს არის ორგანიზებული ჯგუფი" - ეს განცხადება საქართველოს პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღაიბაშვილმა იოსებ გიორხელიძის გატაცების ფაქტის კომენტირებისას გააკეთა.
პრემიერის თქმით კუდისა და სოდის ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავების ოპერაციას პირადად შს მინისტრი ხელმძღვანელობდა. "მინდა, კიდევ ერთხელ შევახსენო მოსახლეობას, ვის ხელში იყო საქართველო. ასეთი კრიმინალების, გამტაცებლების, მკვლელებისა და ყაჩაღების ხელში იყო მთელი შინაგან საქმეთა სამინისტრო და ესენი მართავდნენ საქართველოს.
გასარკვევია, ვინ დგას ამის უკან და სამინისტრო და მინისტრი ამის გარკვევაზე მუშაობენ. ეს შემთხვევითი არ არის" განაცხადა პრემიერმა. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით ის საბოლოო გაფრთხილებას იძლევა. "მინდა, კიდევ ერთხელ გავაფრთხილო ის ადამიანები, ვინც დგას მათ უკან და ვის ბინძურ თავშიც იხარშება ეს სისასტიკე, რომელიც იგეგმებოდა წლების განმავლობაში, ესენი არიან ადამიანები, რომლებმაც ჩაიდინეს ხურჩის ტერაქტი, ისინი, ვინც აუპატიურებდნენ და აწამებდნენ ადამიანებს პოლიციაში, ციხეებში, იტაცებდნენ და კლავდნენ ადამიანებს.
მინდა, მათ საბოლოო გაფრთხილება მივცე - გონს მოეგონ, თუ ისინი სახელმწიფოს და ჩვენი მოქალაქეების წინააღმდეგ რამეს დაგეგმავენ, უმკაცრესად დაისჯებიან. ძალიან მკაცრად დაისჯება ყველა, ვინც მსგავს პროვოკაციას და სიბინძურეს გააკეთებს", - აღნიშნა ღარიბაშვილმა.
გიორგი ედიშერაშვილის ფოტო