
სახალხო დამცველის აპარატი სასჯელაღსრულების სისტემაში არსებულ ვითარებას საგანგაშოდ თვლის და აცხადებს, რომ პატიმართა სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვის კუთხით უწყებაში სერიოზული პრობლემებია.
ამის მაგალითად ომბუდსმენის აპარატს უმოკლეს პერიოდში სამი მსჯავრდებულის გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალება მოჰყავს.
სახალხო დამცველის მოადგილე პაატა ბელთაძე ამბობს, რომ ამ ვითარების გათვალისწინებით, უნდა გადაიხედოს ციხეების მართვის პრაქტიკა და შეიქმნას პატიმართა უსაფრთხოების გარანტიები.
„სამი, დროში ძალიან მიყოლებული შემთხვევა მართლაც საგანგაშოდ იქნა შეფასებული სახალხო დამცველის მიერ და ხაზგასმულ იქნა, რომ აუცილებელია დამატებით ახალი სისტემის, ახალი მიდგომის შემუშავება, რათა მინიმუმამდე შემცირდეს ასეთი ფაქტები, სისტემა უნდა გადავიდეს დინამიკური უსაფრთხოების კონცეფციის დანერგვაზე, რაც გულისხმობს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოთავსებული თითოეულ პირზე დაკვირვებას და მაქსიმალური უსაფრთხოების გარანტიების შექმნას,” - აცხადებს სახალხო დამცველის მოადგილე.