
„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის თქმით, მას არ სჯერა, რომ გიორგი მარგველაშვილი ახალ პარტიას ჩაუდგება სათავეში.
„3 ოქტომბერს ვიყავით გერმანიის საელჩოში მიღებაზე, მე ხელს ყველას ვართმევ და ყველას ვესალმები, სალამი ღვთისაა.
ასეთ შეხვედრებზე არასოდეს დავდევნებივარ ვინმეს ქვებით. მარგველაშვილს ჩვეულებრივად ჩამოვართვი ხელი. მარგველაშვილის გაცნობის შემდეგ, იცით, რა შთაბეჭდილება დამრჩა? ის განსხვავდება წინა პრეზიდენტებისგან, მათ ბევრი რამის გაფუჭება მოასწრეს, ხოლო მარგველაშვილს არც არაფერს აკეთებინებენ, შესაბამისად, არც არაფერს აფუჭებს.
როცა მას შევხვდი, ზუსტად ეს ვკითხე, - გიორგი, ვერ გავიგე, მე ვარ ოპოზიციონერი, თუ შენ?.. ამ კითხვას მან არ უპასუხა და გაიცინა. მე არ მჯერა, რომ მარგველაშვილი ახალ პარტიას ჩაუდგება სათავეში. ის არის პრეზიდენტი, მას უნდა შეეძლოს ურთიერთობა ხელისუფლებასთანაც და ოპოზიციასთანაც, მით უფრო, ის განახევრებული ფუნქციის მატარებელი პრეზიდენტია.
ახლა ხშირად კი ამბობენ, საქართველო ნახევრად საპარლამენტო რესპუბლიკააო, მაგრამ ეს კონსტიტუციურად მთლად სწორი არ არის, რადგან პრეზიდენტს ჩვენთან ხალხი ირჩევს ჯერ კიდევ, ხოლო სადაც პრეზიდენტს ირჩევს პარლამენტი (ისრაელი, იტალია, გერმანია), ის მართლა საპარლამენტო მოდელია“, - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა „დაუნ ვი დიქტეიტე“-ს ისტორიაც გაიხსენა.
„მიტინგის დროს ყურადღება უნდა მიიქციო ხანდახან თავის მოგიჟიანებით, ვაშინგტონში მიტინგზე დამჭირდა, რომ ამ ფრაზებით მიმექცია ყურადღება.
მაგრამ როცა პოლიტიკოსი აკადემიურ აუდიტორიაში გამოდიხარ და ინგლისური არ იცი ისეთ დონეზე, ამისთვის არსებობს სინქრონული თარგმნა, ამიტომ, მე ქალბატონი ბესელიას ადგილზე, დახურულ დარბაზში არ გამოვიდოდი ინგლისური ტექსტით, მაგრამ ეს მისი გადასაწყვეტი იყო, რასაც მოჰყვება დაუსრულებელი შავი პიარი“, - აღნიშნა მან.
„კვირის ქრონიკა“