
სირიაში შეტაკების დროს 18 წლის ბესო კუშტანაშვილი დაიღუპა.
ბესო პანკისის ხეობაში, სოფელ ომალოში ცხოვრობდა.
გავრცელებული ინფორმაციით, პანკისის ხეობიდან სირიაში საბრძოლველად დაახლოებით 50–მდე ახალგაზრდაა წასული, მათ შორის 16 – 18 წლის მოზარდები.
ბესო კუშტანაშვილი სირიაში პანკისელ მებრძოლებს შორის უკვე მე–6 დაღუპულია...
დაღუპულის ოჯახის ახლობლის თქმით, მან არ იცის, როგორ აღმოჩნდა ბესო სირიაში, თუმცა აქვს ინფორმაცია, რომ მათი ხეობიდან ბევრია იქ წასული და დაღუპულებიც არიან. სავარაუდოდ, უმეტესობა სირიაში თურქეთიდან მოხვდა.
„ბესო დედასა და დასთან ერთად თურქეთში სამუშაოდ იყო წასული, იქიდან კი სირიაში გადასულა...
ამას წინათ შევხვდი ბესოს დედას, თურქეთში მეგულებოდა და გამიკვირდა, - აქ ხარ? როდის დაბრუნდი-მეთქი? - აქ ვარ, იქ არყის ქარხანაში ვმუშაობდი და ისეთი მძიმე სამუშაო მქონდა, მთელი დღე ფეხზე ვიდექიო.
ჯანმრთელობა არ მივარგა და ვერ გავძელი, ცუდად გავხდი. შვილები იქ დარჩნენო. ბავშვები დავტოვე, რაღაც ორი კაპიკი რომ იშოვონ, მაგრამ სანამ გაძლებენ, არ ვიციო...
მას შვილი იქ ეგონა... მოტეხილი მეჩვენა, ეტყობა, მძიმე სამუშაოსგან... ოჯახში უჭირდათ, როგორც დანარჩენებს, მათაც. ამიტომ წავიდნენ თურქეთში, თორემ ხალისის გამო ვინ წავიდოდა იმ ჯოჯოხეთში.
იქ რას აკეთებდა, რისთვის იბრძოდა, რა ჩააგონეს, არ ვიცი, მაგრამ ძალიან პატიოსანი, წესიერი და გულიანი ბიჭი იყო.
მამა 50-წლამდე იქნება. პატიოსანი, მშრომელი და ბეჩავი კაცია. სულ წვალებით გაზარდეს შვილები.
გამზრდელმა ბებიამ ვერ გადაიტანა შვილიშვილის სიკვდილი და გადაყვა. როდესაც ეს ამბავი მოუტანეს ოჯახს, ბებია რამდენიმე დღე გაშტერებული იჯდა თურმე და თავისთვის რაღაცას ჩურჩულებდა. მერე კი, მესამე დღეს, გული გაუსკდა და მოკვდა...
და ვერ ჩამოვიდა, ეტყობა, საბუთების გამო ვერ ჩამოდის. რაც ყველაზე უარესია, ცხედარი არ ჩამოუსვენებიათ და არც აქვთ იმედი, ამბობენ - იქ დაასაფლავესო...“ - ამბობს ოჯახის ახლობელი.
kvirispalitra.ge