
ოპერაცია საკმაოდ რთული გამოდგა და მას დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
„გრანდი“ ჩვენთან როცა ჩამოიყვანეს ერევნის ზოოპარკიდან, ორივე ეშვი უკვე მოტეხილი ჰქონდა.
მოტეხილი ეშვები არის ინფექციის კერა. როდესაც ეშვი ამოუღეს, ნახეს რომ დაახლოებით ნახევარ მეტრიანი ღრუ ჰქონდა და ამ სიღრმეში გროვდება ჭუჭყი, ნაგავი, რომელიც მერე ჩირქდება და ჯანმრთელობას სერიოზულ საფრთხე უქმნის.
„გრანდს“ ძალიან დიდი კისტა ამოუღეს, რომელიც წარმოქმნიდა ჩირქს (რამდენიმე ვედრო ჩიქრი გამოიღეს სხეულიდან) და ასეთ მდგომარეობაში მყოფი სპილო ძალიან მალე მოკვდება, ამიტომ გახდა საჭირო სასწრაფო ოპერაცია.
სპილოს ორივე ეშვი ამოსაღები ჰქონდა და ასეც იყო დაგეგმილი, მაგრამ ოპერაცია ისე გართულდა, რომ მხოლოდ ერთის ამოღება მოხერხდა. 2 წლის მერე ამოუღებენ მეორე ეშვს. ამ ეშვის გამო 2 წლის მანძილზე რაიმე პრობლემა რომ არ შეექმნას, მუდმივი კონტროლი და ყოველდღიური პროცედურები ჭირდება.
სპილოს სპეციალური პრეპარატები გაუკეთეს, რათა ნარკოზიდან გამოსულიყო, თუმცა ნარკოზიდან გამოსვლა მაინც გაუჭირდა და საკმაოდ დიდხანს იყო ანესთეზიის ქვეშ.
ანესთეზიიდან გამოყვანის შემდეგ კი უკვე გაღვიძების პრობლემა შეიქმნა, აუცილებელი იყო, „გრანდი“ ფეხზე დამდგარიყო, ვინაიდან ცალ გვერდზე იწვა, მისი მასა კი 6 ტონაა და ამას შეიძლებოდა ფილტვების შეშუპება გამოეწვია.
სპეც. ტექნიკის გამოყენება შესაძლებელია, მაგრამ არაა რეკომენდებული და ამის წინააღდეგები იყვნენ თვითონ ექიმებიც, ვინც ეს ოპერაცია გააკეთეს. ისინი მსოფლიოში უძლიერესი სპეციალისტები არიან, ასეთი 200-მდე ოპერაცია აქვთ ჩატარებული.
ექიმები ბოლომდე თავის გეგმის მიხედვით მოქმედებდნენ და როგორც აღმოჩნდა, სწორადაც. საბოლოოდ „გრანდი“ ტექნიკის დახმარების გარეშეც წამოდგა, თუმცა ამაში მედიკამენტების დახმარება გახდა საჭირო.
„გრანდი“ უკვე ფორმაშია და საკუთარ ვოლიერშია. ასე რომ, დღესვე შეგიძლიათ მობრძანდეთ, მოინახულოთ. დარწმუნებული ვარ, ძალიან გაუხარდება ყველას ნახვა,“ - აღნიშნა ზოოპარკის „ფეისბუქის“ გვერდის ადმინისტრატორმა მზია შარაშიძემ.
„კვირის პალიტრა“