
ხვლიკიანი ნამცხვრის ფოტო მომხმარებელმა სოციალურ ქსელში გაავრცელა.
მან საკუთარი ვინაობის გამხელაზე უარი თქვა და მხოლოდ ის აღნიშნა, რომ „ეკო-ფუდის“ ნაწარმი ბათუმის ერთ-ერთ მაღაზიაში შეიძინა.
კომპანია „ეკო-ფუდში” წარმომადგენლები აცხადებენ, რომ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.
„ცომი გადის ბუნკერში, ბუკნკერიდან კი საბოლოო ფორმაცია 2 მილიმეტრიან ხვრელში ხდება. შეუძლებელია ამ ფორმაში ცომის გარდა სხვა სხეულმა გაიაროს”,- განაცხადა „ეკო-ფუდის” მთავარმა მექანიკოსმა.
კომპანიის თანამშრომლები არ გამორიცხავენ, რომ შესაძლოა კუსტარულ საწარმოებში დამზადებულ ნაწარმს „ეკო-ფუდის“ იარლიყი მიაკრეს.
„იმ ადამიანს სხვა ინტერესები ამოძრავებს. ჩვენ ამის დამადასტურებელი აუდიოჩანაწერიც გვაქვს. ამ ჩანაწერში, ის დუმილის სანაცვლოდ, გარკვეულ თანხას ითხოვს და ჩვენ ამ მასალას გარკვეულ უწყებებს მივაწვდით”,- განაცხადა მარიამ მეფარიძემ.
„ეკო-ფუდში” არსებული სანიტარული მდგომარეობით სურსათის უვნებლობის ეროვნული სააგენტოც დაინტერესდა.
ისინი საწარმოების სანიტარულ შესწავლას ხვალიდან დაიწყებენ.