-
2014-08-15 17:27
მოსახლეობის ნაწილი შვებულებას საზღვარგარეთ ატარებს, ნაწილი - საქართველოში. Ambebi.ge შეეცადა გაერკვია, სად ატარებენ კუთვნილ შვებულებას პარლამენტარები.
მიხეილ მაჭავარიანი (ნაციონალური მოძრაობა):
- საქმეები გვაქვს პარტიაში, ამიტომ ჯერ მხოლოდ ოთხი დღით მოვახერხე დასვენება. ჩემი მეუღლე წარმოშობით ბათუმიდან არის და იქ გავატარე დასვენების ოთხი დღე. თვის ბოლოს ვაპირებ სოფელში, ჭორვილაში გამგზავრებას ოჯახთან ერთად, წყლის პრობლემებია მოსაგვარებელი და ამის შემდეგ წავალთ. სოფლიდან კი ისევ ბათუმში გავემგზავრებით.
ეკა ბესელია (ქართული ოცნება):
ახლა ოფიციალურად ვარ შვებულებაში, მაგრამ ამ დროს თბილისში ვატარებ. ეს საშინელი სიცხეები გადამაქვს თბილისში და ახლობლებს ვხვდები, იმათ, ვინც დიდი ხანია არ მინახავს. ორი დიდი ოცნება ავისრულე.
ისტორიული ტაო-კლარჯეთი ვნახე, მოვილოცეთ ჩვენი ისტორიული მიწა-წყალი. საოცრად ემოციური განცდა იყო. როცა იქედან დავბრუნდით, შატილში ავედი. მინდოდა მენახა კოშკები, მუცო, მოვიარე ეს ყველაფერი, ულამაზესი სანახავი იყო...
ჩემი შვილები მენატრება და ახლა მთელ დროს მათთან ვატარებ. დარჩენილი დღეები მათთან ყოფნას და პარლამენტიდან ჩემი ნივთების გადმოტანას დაეთმობა. ასეთი იყო ჩემი შვებულება, პატრიოტულ ნოტაზე გავატარე.
ირმა ნადირაშვილი (ნაციონალური მოძრაობა):
- თურქეთში დავისვენე მეუღლესთან და შვილთან ერთად, სადაც 7 დღით ვიმყოფებოდით. ჩემი შვებულება დასრულდა.
ალექსანდრე თამაზაშვილი (ქართული ოცნება):
- ბათუმში ვისვენებ ჩემს მეგობრებთან ერთად. ათი დღით ჩამოვედი დასასვენებლად. კარგი ამინდებია და კარგად ვისვენებთ. უამრავი ტურისტია ქალაქში და ეს ძალიან მახარებს.
ანი მიროტაძე (ქართული ოცნება):
- ერთი კვირით ვიმყოფებოდი საქმიანი ვიზიტით ვარშავაში. ჯერჯერობით არ დამიგეგმია, სად დავისვენებ. სვანეთში წასვლაც მინდა და ზღვაზეც. ვნახოთ, რას გადავწყვეტ საბოლოოდ. დასასვენებლად ალბათ ჩემს დასთან და მეგობრებთან ერთად წავალ.
მექსიკაში ერთი თვით გაემგზავრა თინა ხიდაშელი. როგორც პარლამენტარმა Ambebi.ge-ს უთხრა, ის შორეულ მექსიკას სასწავლო პროგრამით ესტუმრა.
ambebi.ge