
30 ივნისს ფეიქრების ქუჩაზე ნასვამი ახალგაზრდა მამაკაცი თავახდილ სანიაღვრე ჭაში ჩავარდა. ოჯახი და ახლობლები ალექსი ფუხაშვილს 20 საათის განმავლობაში ეძებდნენ.
როგორც დაზარალებულის მეუღლე, თეონა დაიაური იზსენებს, ალეკო იმ დღეს რესტორანში იყო თანამშრომლებთან ერთად.
„ღამით, დაახლოებით 3 საათზე გამომეღვიძა და ვნახე მისი ერთი საათით ადრე გამოგზავნილი მესიჯი. მას შემდეგ ვურეკავდი, მაგრამ არ მპასუხობდა. თანამშრომლებმა მითხრეს, რომ რესტორნიდან 3 საათზე წამოსულან.
ალეკო მათ დაემშვიდობა და ფეიქრების ქუჩაზე ფეხით წამოვიდა. დიდხანს ვეძებეთ იმ ტერიტორიაზე, მაგრამ კვალს ვერ მივაგენით. პოლიცია მეუბნებოდა, 48 საათი გავიდეს და მერე გამოვაცხადებთ ძებნასო. საპატრულომ ალეკოს თანამშრომლებთან ერთად დაათვალიერა ის ტერიტორია, მაგრამ თითქოს მიწამ ჩაყლაპაო, კვალს ვერსად მივაგენით.
დაახლოებით ღამის 11 საათზე ალეკოს ბიძაშვილმა თქვა, კიდევ ერთხელ მივიდეთ ფეიქრების ქუჩაზე თავახდილ ჭასთანო, არადა, იქ მანამდე სამჯერ ვიყავით. წავიდნენ მეგობრები, ჭაში ფარანი ჩაანათეს... უცებ ერთ მეგობარს დაუყვირია, სიღრმეში რაღაც ამოძრავდაო, ჩასძახეს და ალეკოს უპასუხია, აქ ვარო.
20 საათი იყო სანიაღვრე ჭაში, რომლის სიღრმე დაახლოებით 8 მეტრია. მავთულს ჩასჭიდებია, არადა, წყალი ისეთი სიძლიერით მიედინება, რომ არ ებრძოლა, დინება მტკვარში გაიტანდა.
მარჯვენა მხარე სულ გაგლეჯილი აქვს, მარჯვენა ფეხი ტერფიანად დამსხვრეული, გულმკერდი - დაჟეჟილი, ელენთა დაზიანებული, ნეკნები დამტვრეული, ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი დაზიანებული, კუჭი - გახვრეტილი, სწორი ნაწლავი - გახეთქილი. მიიღო შიდა ქალის ტრავმა. ფილტვები მხოლოდ მეოთხე დღეს ამუშავდა.
ბინძური წყლის ყლაპვის გამო სეფსისიც დაეწყო, განუვითარდა ეპილეფსიაც. ალეკო 24 დღე იყო უგონო მდგომარეობაში. ქირურგებმა მითხრეს, თითქმის მთელი სისხლი მუცელში აქვს ჩაღვრილიო.
მისი გადარჩენის იმედი არ ჰქონდათ, მაგრამ მაინც გარისკეს და ორი ოპერაცია გაუკეთეს. ამ ადამიანებმა მართლა სასწაული მოახდინეს. მკურნალი ექიმი დღედაღამ თავს დასტრიალებს. ჩემი ქმარი უმძიმესი მდგომარეობიდან გამოვიდა, თუმცა, არაფერი ახსოვს.
ჩემი ქმარი ერთი წელი მაინც შრომის უუნარო იქნება. როგორ შევძლებ მე, უმუშევარი ქალი, სამი მცირეწლოვანი ბავშვისა და ავადმყოფი დედამთილის რჩენას?
ნოდარ ზარდიაშვილი, შპს "თბილსერვისჯგუფის" დირექტორის მოადგილე: 60 თანამშრომელი მყავს, მუშების ჩათვლით, და ისინი ვერ შეძლებენ, ყოველდღიურად შემოიარონ და 30 000 ჭა შეამოწმონ, არც ვართ ვალდებული. 30 ივნისამდე სამი კვირით ადრე ჩვენმა თანამშრომლებმა ნახეს, რომ ჭას ეფარა თავსახური.
შემთხვევის ადგილას ბეტონის ნატეხები ყრია, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ რკინაბეტონის ფილა ვიღაცამ სპეციალურად დაამტვრია, რომ არმატურა მოეპარა. ეს სანიაღვრე ჭა დასახლებული პუნქტიდან შორს, ლიანდაგიდან 5 მეტრში მდებარეობს, იქ არც სავალი გზა არის, ფერდობია და ბალახი.
როგორც ჩანს, დაზარალებული რკინიგზაზე მეორე მხარეს აპირებდა გადასვლას და სიბნელეში ჭა ვერ დაინახა. როდესაც ამ ოჯახმა მოგვაკითხა, ჩვენ მერიას მივმართეთ და ვთხოვეთ, ფულადი დახმარება გაეწიათ მისთვის, უყურადღებოდ არ დაგვიტოვებია.
ჩვენც დავიღალეთ - თბილისში ყოველდღიურად იპარავენ ჭის თავსახურებს, ამტვრევენ და არმატურას ჯართად აბარებენ. ვერ ავუდივართ ქურდობას.
თვალჭრელიძის ქუჩაზე ახლახან 15 თავსახური მოგვპარეს. ჭას, სადაც შემთხვევა მოხდა, რკინაბეტონის ფილა დავახურეთ. ყველა თავახდილ ჭას ვახურავთ თავსახურს, მაგრამ შეუძლებელია, ყოველდღე ვიაროთ და ყველა ასეთი ადგილი ვამოწმოთ.
kvirispalitra.ge