-
2014-07-28 09:47
წუხელ ელექტროგადამცემ ხაზებზე მომხდარი ავარიის გამო, მეტროპოლიტენისა და რკინიგზის მუშაობა შეფერხებული იყო.
თბილისის მეტროპოლიტენის ცნობით, გვირაბში ჩარჩენილი ოთხი მატარებლიდან მგზავრთა გამოყვანა მას შემდეგ მოხერხდა, რაც მეტროპოლიტენში დენის ალტერნატიული წყარო ჩაირთო.
„22:33 საათზე „თელასის“ ყველა შემომყვანიდან ძაბვა გაგვეთიშა.
ჩვენი გენერატორების საშუალებით 4 მატარებლიდან მგზავრების გამოყვანა უზრუნველყავით. ორი მატარებელი საბურთალოს ხაზზე, 2 კი დიდ ხაზზე იყო გაჩერებული“, - აღნიშნა თბილისის მეტროპოლიტენის ტექნიკურმა დირექტორმა ლევან მეხრიშვილმა.
რაც შეეხება საქართველოს რკინიგზას, ელექტროენერგიის გათიშვის გამო თითქმის 3-საათიანი დაგვიანებით შესრულდა მახინჯაური-თბილისისა და ზუგდიდი-თბილისის რეისები. ბათუმიდან მომავალი მატარებელი გორის სადგურზე იყო გაჩერებული.
საქართველოს რკინიგზის პრესსამსახურის უფროსის, დაჩი ცაგურიას განცხადებით, ამჟამად საქართველოს რკინიგზა სრული დატვირთვით მუშაობს.