
ანტიკორუფციული კავშირის ხელმძღვანელის ლაშა ბურჯანაძის განცხადებით, აღმაშენებლის გამზირზე მდებარე რამდენიმე კაფე-ბარში, სექსმუშაკები მამაკაცებს თაღლითურად „ატყავებენ“.
„ჩვენი დაკვირვებით, სექსმუშაკი ქალები ურთიერთობაში შედიან „პლეხანოვზე“ მდებარე ბარების მეპატრონეებთან და მათ შორის ხდება ერთგვარი გარიგება. ეს გარიგება კი მდგომარეობს შემდგომში: ქალს ეუბნებიან, ჩემთან რომ შემოხვალ, შენი ამოცანაა, კლიენტს ჩემს ბარში დაახარჯვინო 50-დან 150 ლარამდე თანხაო...
ქალს გამახვილებული აქვს ყურადღება, რა თანხა აქვს მის თანხმლებ კლიენტს. თუ აღმოაჩნდა 1000 დოლარზე მეტი, მაშინ მუშაობს შემდეგი სქემა: ქალბატონს ხელჩანთაში ან ჯიბეში აქვს აბები, პრეპარატის დასახელება ამ წუთში ზუსტად არ შემიძლია, მაგრამ ვიცი და ვიტყვი იმას, რომ ამ პრეპარატს აქვს შემდეგი ზემოქმედების უნარი: სასმელში გარევისა და მისი მიღების შემდეგ, მსხვერპლი აბსოლუტურად ითიშება გონებრივად, ის პარალიზებულია.
როგორც ეს კაცები მიხსნიან, ესმით, მაგრამ განძრევის თავი არ აქვთ. მსგავსი პარალიზება ხდება იმისდა მიხედვით, რა დოზითაა წამალი სასმელში ჩაყრილი. პრეპარატის მოქმედება გრძელდება ერთიდან ორ საათამდე. ამის შემდეგ, იმ შემთხსვევაში, თუ ფული ათასი დოლარი და უფრო მეტი აქვს, მანდ კიდევ ერთი აუცილებელი წინაპირობაა, სექსმუშაკი მას ფულთან ერთად აცლის პასპორტსაც...
კლიენტს როცა გაუვლის პარალიზება და ის მთლიანად მოდის გონზე, შეუძლია, რა მთავარია, მოძრაობა. აუცილებლად მივა იმ ბარში, სადაც ქალი მოხსნა და აფექტის სიტუაციაში შეიძლება თავ-პირი გაუერთიანოს ამ ქალს იმ ბარში. რომ არ მივიდეს წარმოუდგენელია, იმიტომ რომ კაცი უპასპორტოდაა დარჩენილი. ადგილზე მისულს ამ თურქ ან ირანელ კლიენტს ხვდება დაცვის წარმომადგენელი. ეკითხება, რა ხდება. ისიც უხსნის, რომ გუშინ აქედან გოგო წავიყვანე და პასპორტი და ფული მომპარაო.
დაცვის თანამშრომელი ამ სიტუაციაში ფულზე არაფერს ამბობს, მაგრამ პასპორტზე განსაკუთრებულ მახვილს სვამს. თანამშრომელი სიტუაციას ძაბავს და კლიენტს ეუბნება, ის ქალი რომ აღარ გამოჩნდეს, რა გეშველებაო, მაგრამ თუ პასპორტი ვერ იპოვე, ეგ უფრო დიდი პრობლემაა, რადგან ადგილობრივ პოლიციასთან დიდი პრობლემები შეგექმნებაო. დათრგუნილი კლიენტი უკვე დაცვის თანამშრომლის მიერ არის ფსიქოლოგიურად დამუშავებული და გადასულია მუდარაზე, ეგება, როგორმე მიშველოთო.
მას ჰპირდებიან, რომ გოგოს უპოვიან. საქმე ის არის, რომ მეორე დღეს დაცვის თანამშრომელი სიტყვას ასრულებს და, მართლაც, ახვედრებს გოგოს და კლიენტს ერთმანეთს, მაგრამ წინასწარ აფრთხილებს, რომ იქ კაცმა ცემა-ტყეპა არ აუტეხოს „პრასტიტუტკას“, იმიტომ რომ მაშინ, ვალდებული ვარ, შენ დაგიჭირო, მთავარია, შენი პასპორტი გამოვართვათ, რომ სექსმუშაკმა შემთხვევით არ გადააგდოსო. მოკლედ, პასპორტს უბრუნებენ. ჩვენი მონიტორინგის ბიჭები გვიყვებიან, რომ დღის განმავლობაში ყოფილა შემთხვევა, სექსმუშაკს 4-5 ათასი დოლარი „წაუმუშავებია“, - განუცხადა „ქრონიკას“ გიორგი ბურჯანაძემ.