
14 ივლისს ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად „სოლნცევოს“ დაჯგუფების ცნობილი და უცვლელი ლიდერი, 77 წლის ქართველი ეროვნების „კანონიერი ქურდი“ ჯემალ ხაჩიძე დაიღუპა. ინფორმაციას „პრაიმკრაიმი“ ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, კრიმინალურმა ავტორიტეტმა, რომელიც, როგორც წესი, მძღოლის მომსახურებით სარგებლობდა, 14 ივლისს თავად მოინდომა მანქანის მართვა, მაგრამ საჭე ვერ დაიმორჩილა.
ჯემალ ხაჩიძე ხაშურის რაიონში დაიბადა, კრიმინალურ სამყაროში კი სახელი გასული საუკუნის 80-იან წლებში, „სოლნცევოს“ დაჯგუფებაში მოხვედრის შემდეგ გაითქვა. ახალგაზრდობის წლებში მას 15 წლის განმავლობაში სასჯელი უკვე ჰქონდა მოხდილი. ჯემალ ხაჩიძის რეიტინგი წლების განმავლობაში იზრდებოდა და, თამამად შეიძლება ითქვას, რომ მისი ავტორიტეტი კრიმინალური სამყაროს ლეგენდებისას გაუტოლდა.
სხვადასხვა დონის კონფლიქტების დროს ჯემალ ხაჩიძე ხშირად მხარე იყო, მაგრამ პოზიციას დიდი სიფრთხილით არჩევდა. მაგალითად, რუდიკისა და ჰასანის კონფლიქტში ის რუდიკის მხარეს იყო, ხოლო მოგვიანებით ტარიელ ონიანის მხარდამჭერებს შორის აღმოჩნდა.
გავრცელებული ხმების მიხედვით, სწორედ ამის გამო მას სახლში „ჰასანის ტორპედოებმა“ მიაკითხეს და პასუხიც მოსთხოვეს. იმასაც ამბობდნენ, რომ ხაჩიძეს ტიტული შეუჩერეს, თუმცა მალევე აღუდგინეს მას შემდეგ, რაც მან „კოლეგებთან“ მოიბოდიშა - როგორც ამბობენ, მის „დამსახურებას“, ასაკსა და ავტორიტეტს გაუწიეს ანგარიში. სამაგიეროდ, ამის შემდეგ ჯემალ ხაჩიძეს ამა თუ იმ კონფლიქტის დროს პირადი დამოკიდებულება არსად გამოუხატავს.
ფოტოზე: ჯემალ ხაჩიძე "კოლეგებთან" ერთად (ფოტოს ცენტრში)