
რამდენიმე ქვეყნის დიპლომატმა დაგმო უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში პრორუსული ბოევიკების მოქმედებები. ეს გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე მოხდა, რომელიც ნიუ-ორკში დასრულდა-წერს რადიო თავისუფლება.
უშიშროების საბჭოს ყველა წევრმა აღიარა უკრაინაში არჩევნების დემოკრატიულად ჩატარება და იგი ლეგიტიმურად ცნო. ამავე დროს პოლიტიკურ საკითხებში გაეროს გენერალური მდივნის მოადგილემ ჯეფრი ფელტმანმა, შეშფოთება გამოთქვა აღმოსავლეთ უკრაინაში ძალადობის გაზრდასთან დაკავშირებით.
გაეროში, ამერიკის, საფრანგეთის და დიდი ბრიტანეთის ელჩებმა დაგმეს ბოევიკების მოქმედება, რომლებმაც ტყვედ აიყვანეს ეუთოს თანამშრომლები და დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებში ჩაშალეს საარჩევნო პროცესი. გაეროში რუსეთის ელჩმა, ვიტალი ჩურკინმა კი, კიდევ ერთხელ გაახმოვანა რუსეთის პრეზიდენტის პოზიცია, იმასთან დაკავშირებით, რომ უნდა შეწყდეს ანტიტერორისტული ოპერაცია.