
სახალხო დამცველის პარლამენტისადმი ანგარიშში აღწერილია სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მომხდარი ადამიანის უფლებათა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დარღვევის ფაქტი.
ერთერთია სასჯელაღსრულების მე-16 დაწესებულებაში მომხდარი შემთხვევა, რომლის აღწერისას სახალხო დამცველი აცხადებს, რომ ყოფილი ექთნის შემოწმება ციხეში შესვლის დროს მოხდა არამარტო ტანსაცმლით, არამედ უკვე ტანსაცმლის გახდის შემდეგ, როცა მას შიშველ სხეულზე ხელით ეხებოდნენ:
სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N16 დაწესებულების თანამშრომლებმა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შესვლისას განხორციელებული საექიმო-სამედიცინო პუნქტის ყოფილი ექთნის ც.კ.-ს შემოწმება-დათვალიერებისას, მას გაახდევინეს ტანსაცმელი და შემდეგ ხელით შეუმოწმეს სხეული.
"საქართველოს სახალხო დამცველმა წინადადებით მიმართა საქართველოს მთავარ პროკურორს და მოითხოვა სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომლების მხრიდან მოქალაქე ც.კ.-ს მიმართ განხორციელებულ შესაძლო დანაშაულებრივ ქმედებებთან დაკავშირებით გამოძიების დაწყება.
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა, მოქალაქე ც.კ.-ს საქმის სრულყოფილი შესწავლის შედეგად დაადგინა, რომ 2013 წლის 13 აპრილს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N16 დაწესებულების თანამშრომლებმა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შესვლისას განხორციელებული საექიმო-სამედიცინო პუნქტის ყოფილი ექთნის ც.კ.-ს შემოწმება-დათვალიერებისას, შესაძლოა დაარღვიეს ამ უკანასკნელის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში წარმოდგენილი დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ ც.კ.-ს სასჯელაღსრულების N16 დაწესებულებაში შესვლისას არ მომხდარა მისი მხოლოდ გარეგნული შემოწმება - ტანსაცმელზე ხელის შეხებით ან სპეციალური ტექნიკური მოწყობილობის გამოყენებით, არამედ მოხდა მისი ტანსაცმლის გახდის შემდეგ სხეულის ხელით შემოწმება.
აღსანიშნავია ის გარემოება, რომ შემოწმება და ჩხრეკა - ორივე არის ისეთი შემზღუდველი ღონისძიება, რომელიც წარმოადგენს ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებით დაცულ სფეროში ჩარევას. თუმცა, ისინი განსხვავდებიან ერთმანეთისგან ჩარევის ინტენსივობითა და ხასიათით.
სასჯელაღსრულების დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ინსპექტორს, საბადრაგო სამმართველოს ან/და უსაფრთხოების განყოფილების ინსპექტორს მსგავსი უფლებამოსილება კანონმდებლობით არ აქვს მინიჭებული",-ნათქვამია განცხადებაში.
შენიშვნა: ფოტოილუსტრაცია