
ახლა შევდივართ ე.წ. ტალღის აზვირთების პერიოდში-ამის შესახებ ჯანდაცვის ექსპერტმა აკაკი ზოიძემ ვირუსის გავრცელების საკითხის მიმოხილვისას Facebook-ზე დაწერა.
„დღეს 11 აპრილია, ანუ მე-9 დღე ამ პოსტიდან და დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა ორმაგზე ნაკლებია: 2 აპრილს 130, დღეს 233 და ეს ხდება ბოლო კვირას გაფართოებული ტესტირების ალგორითმის პირობებში, როდესაც უფრო მეტ ადამიანს უტარდება ტესტირება.
ეს კარგია, ისევე როგორც, კარგია, რომ დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ ჩატარებულ რეგულარულ სენტინელურ კვლევებში, როდესაც შემთხვევითი შერჩევის პრინციპით რესპირატორული ინფექციის სიმპტომების მქონე პირები იტესტებიან, ჯერჯერობით არ იყო აღმოჩენილი ახალი კორონავირუსის შემთხვევა.
ეს მეტყველებს იმაზე, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთან, სხვა ქვეყნებთან შედარებით გატესტილი ადამიანების რაოდენობა ცოტაა და ნელ-ნელა მატულობს უცნობი წყაროდან შიდა გადაცემის შემთხვევები, ამ უცნობი წყაროების რაოდენობა არ უნდა იყოს ჯერადად მაღალი უკვე დადასტურებულ 233 შემთხვევაზე.
ასევე კარგია, რომ დაავდებათა კონტროლის ცენტრი და შესაბამისი სამსახურები აგრძელებენ დადასტურებული შემთხვევების კონტაქტების აქტიურ და ინტენსიურ მოძიებას და იზოლაციას. ეს უმნიშვნელოვანესია შიდა გადაცემის შენელებისათვის და არის COVID -19 ბრძოლის მეთოდის: „ტესტირება/დადასტურება-კონტაქტების მოძიება-იზოლაცია“ კრიტიკული ელემენტი და უნდა გაგრძელდეს, თუნდაც ამისთვის დაგვჭირდეს ძალიან ბევრი ადამიანის მობილიზება/სწავლება და ჩართვა.
თითოეული სიკვდილი ტრაგედიაა, მაგრამ საბედნიეროდ, COVID 19 თან დაკავშირებული სიკვდილობაც არ იზრდება პროგრესულად ამ მომენტისთვის. ასევე, როგორც ამბობენ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ჯანდაცვის სამინისტროს სპეციალისტები, არ არის ზოგადად მძიმე მწვავე რესპირატორულ სინდრომთან ან გრიპთან დაკავშირებული სიკვდილობის მატება ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, წინა წლების იმავე კვირებთან შედარებით.
ეს უნდა მეტყველებდეს იმაზე, რომ არ უნდა გვქონდეს ათეულობით და ასეულობით სიკვდილი, რომლის რეალური მიზეზი COVID-19 იყო, მაგრამ ვერ დავადგინეთ. ესეც იმედის მომცემია.
ანუ, ჯერჯერობით კვლავაც მივდივართ შედარებით კეთილსაიმედო სცენარით, მაგრამ ეს თვითკმაყოფილების საშუალებას არ იძლევა, იმიტომ რომ ახლა შევდივართ (მართალია ნელ-ნელა, მაგრამ მაინც) ე.წ. „ტალღის აზვირთების“ პერიოდში, როდესაც პაციენტების რაოდენობა მნიშვნელოვნად მოიმატებს. ჩვენს მიერ რეკომენდაციების შესრულებაზე არის დამოკიდებული რამდენად. შესაბამისად ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უახლოეს პერიოდში დადასტურებული შემთხვევების გაორმაგების პერიოდი არ შემცირდეს ძალიან: დარჩეს 4-6 დღის ფარგლებში და რაც მთავარია, არ დაიწყოს COVID-19 ის სიკვდილობამ ზრდა პროგრესულად“, - წერს პარლამენტის ყოფილი წევრი.