-
2020-01-13 13:22
სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ქართულ ავიაკომპანიებს ირანისა და ერაყის საჰაერო სივრცის გამოყენებაზე
თავის შეკავებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ სააგენტოს განცხადებაში წერია.
"ევროკავშირის საავიაციო უშიშროების რისკების შეფასების ინტეგრირებული ჯგუფის მიერ გავრცელებულ
რეკომენდაციაზე დაყრდნობით, ირანისა და ერაყის საჰაერო სივრცეში ფრენის უსაფრთხოებისა და საავიაციო
უშიშროებისთვის არსებული რისკების და უკრაინული საჰაერო ხომალდის კატასტროფის სავარაუდო
მიზეზების გათვალისწინებით, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო საქართველოში რეგისტრირებულ
ავიაკომპანიებს მოუწოდებს თავი შეიკავონ ირანისა და ერაყის საჰაერო სივრცის გამოყენებისგან. საერთაშორისო
საავიაციო ორგანიზაციებსა და საავიაციო ხელისუფლებებს შორის მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს ინფორმაციის
გაცვლა და მიმდინარე რისკების შეფასება, რათა უზრუნველყოფილ იქნას მგზავრთა და ფრენების
უსაფრთხოება", - წერია საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს მიერ ირანისა და ერაყის საჰაერო
სივრცეში ფრენები მაღალი რისკის შემცველად შეფასდა.