
„ფორსაჟი 9" ეპიზოდების გადაღებები 8-დან 15 სექტემბრამდე ნუცუბიძის ფერდობზე გადაინაცვლებს. უსაფრთხოების მოთხოვნებიდან გამომდინარე, ცალკეულ საგზაო მონაკვეთებზე ტრანსპორტისა და ქვეითთა მოძრაობა ეტაპობრივად შეიზღუდება.
გადაღებების პერიოდში მე-5 მიკრორაიონის მეტროსადგურ „დელისამდე“ დასაკავშირებლად ავტობუსის დროებითი მარშრუტი დაინიშნება, რომელიც მგზავრებს ვარაზის, ჟღენტის და ნუცუბიძის ქუჩებით მეტროსადგურ „დელისამდე“ მიიყვანს. N63 და N107 ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მარშრუტები არ შეიცვლება. 10 სექტემბერს, 11:00 საათიდან 20:00 საათამდე მოძრაობის შეზღუდვის არეალი გაფართოვდება და დამატებით მოიცავს ვარაზის ქუჩის მონაკვეთს ჟღენტის ქუჩიდან მე-4 მიკრორაიონის N19 ბ კორპუსამდე. 10 სექტემბრის 11:00-დან 20:00 საათამდე, ნუცუბიძის ფერდობის მე-4 მიკრორაიონის, ასევე სოფლების: თხინვალასა და ლისიდან როგორც კერძო ტრანსპორტი, ასევე, ავტობუსები N63, N99 და N107 და მიკროავტობუსები ლისის ტბის მხრიდან, ანუ კვაჭაძის, ბერიტაშვილისა და ბუდაპეშტის ქუჩების გავლით იმოძრავებენ.