-
2016-01-18 15:01
ვ. სანიკიძის სახელობის ომის ვეტერანთა კლინიკური ჰოსპიტალი დაფინანსების გარეშე დარჩა. ეს იმას ნიშნავს, რომ ჰოსპიტალი, რომელიც უფასოდ ემსახურებოდა ვეტერანებს, უქმდება. შესაბამისად, სამსახურის გარეშე რჩება 170-დე თანამშრომელი. ჰოსპიტლის მედპერსონალი უკან დახევას არ აპირებს და ფართომასშტაბიანი აქციისთვის ემზადება.
როგორც ცნობილია, ვეტერანთა ჰოსპიტლის შენობა ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაშია, ხოლო ვეტერანთათვის სამედიცინო მომსახურეობის შესყიდვის მიზნით, მთავრობის განკარგულებით, საერთო ხაზინიდან 800 ათასი ლარი გამოიყოფოდა, რომელიც ვეტერანთა დეპარტამენის გავლით, ჰოსპიტალს ერიცხებოდა.
ჰოსპიტლისთვის დაფინანსების შეჩერების გადაწყვეტილება 2016 წლის 13 იანვარს გამართულ შეხვედრაზე იქნა მიღებული, რომელსაც ესწრებოდნენ: ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, დავით ხუნდაძე, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ვალერი კვარაცხელია, ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო სამსახურის უფროსი ირაკლი შიხიაშვილი და ჰოსპიტალის მთავარი ექიმი გია მაცაბერიძე.
შეკრებილებმა დაასკვნეს, რომ ჰოსპიტლის შენობა შეუფერებელია სამედიცინო მომსახურეობის გაწევისათვის და მისთვის დაფინანსების შეჩერების გადაწყვეტილებაც ამ მოტივით მიიღეს, თუმცა ამ საკითხზე ოფიციალური ბრძანება ამ დრომდე არ არსებობს.
ჰოსპიტლის მედპერსონალი დანებებას არ აპირებს და ფართომასთაბიანი აქციებისთვის ემზადება. ჰოსპიტლის დახურვას 2015 წლის მარტშიც გეგმავდნენ, მაგრამ მაშინ ამას ხელი სწორედ აქციებმა შეუშალა. ჰოსპიტლის დირექტორი ტარიელ ნამორაძე სწორედ მარტის აქციებს იხსენებს, როცა ამბობს, რომ მაშინ დახურვას სწორედ გამოსვლების შედეგად გადაურჩნენ.
"2016 წლიდან ჰოსპიტლის დაფინანსების შეწყვეტის შედეგად ომის ვეტრანები ვერ მიიღებენ ქრონიკული დაავადებების მკურნალობის შესაძლებლობას, რადგან ამას დაზღვევა არ ითვალისწინებს. ჰოსპიტლის 170 მდე თანამშრომელი კი შეუერთდება საქართველოს უმუშევრებს", - წერს "ფეისბუქში" ტარიელ ნამორაძე. ამ დროისთვის შექმნილია "ჰოსპიტლის გადარჩენის კომიტეტი", რომელიც საპროტესტო აქციების ორგანიზების კუთხით მუშაობს.