
უნივერსიტეტის პროფესორი მარიამ გერსამია ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციების ბაკალავრის მიმართულების ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლეს. გადაწყვეტილება აკადემიურმა პერსონალმა უნივერსიტეტში გამართულ არჩევნებზე მიიღო.
გერსამიას გადაყენების გამო უნივერსიტეტი ერთმა ლექტორმა დატოვა. დალი სინჯარაძემ განმარტება სოციალურ ქსელში გააკეთა:
„დავიღალე ამ სტატუსობანათი. არ მინდა მე ნინო ჭალაგანიძე ჟურნალისტიკის მიმართულების ხელმძღვანელად! აღარ მინდა მე თსუ-ში სწავლა, დღევანდელი დღის შემდეგ!“
ეს ჩემი სტუდენტის ერთ-ერთი პოსტია მარიამ გერსამიას ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულების ხელმძღვანელობიდან ჩამოშორებასთან დაკავშირებით.
ამ პოსტის პათოსს ვიზიარებ და ვუერთდები მეც. აღარც მე მინდა ლექციებზე შესვლა იმ სასწავლებელში, რომელშიც ასეთი არაჯანსაღი პროცესები მიმდინარეობს".
მოგვიანებით, ქალბატონმა დალიმ იგივე პოზიცია დაადსტურა და სტუდენტებს მიმართა, მოუწოდა რა მათ, რომ უერთგულონ თავიანთ ღირებულებათა სისტემას და თავი არავის "მიაჯირყვნინონ", ასევე, აღნიშნა, რომ ლექციებზე არსებული ტავისუფლება მხარდაჭერილი იყო მარიამ გერსამიასგან:
"მეგობრებო, პირველი, რაც უნდა გითხრათ, არის ის, რომ ჩემთვის არავის უთქვამს - წადიო, არც წნეხი არ ყოფილა (პაწა ბწკენა-ღრენას არ ვგულისხმობ, რა თქმა უნდა). ისე, ამ ზმნებს მომავალი დროის გაგებაც აქვს...
მეორე არის ის, რომ კიდევ ერთხელ გთხოვთ, ნუ ნერვიულობთ. არ ჩაერიოთ ამ პროცესებში. ერთი შეხედვით, ისე ჩანს, თითქოსდა გავიხურე კარები და ისე წავედი, რომ თქვენ არ გაგიწიეთ ანგარიში, მაგრამ, მინდა იცოდეთ, რომ ის თავისუფლება, რომელიც გვქონდა ლექციებზე, მხარდაჭერილი იყო მარიამ გერსამიასგან.
დიდი მადლობა მას ამისთვის, ასევე მადლობა შესანიშნავი ლიტერატურული ჟურნალისტიკისთვის, იმ შესაძლებლობის მოცემისთვის, შემოვსულიყავი თქვენთან და გვქონოდა ლაღი ლექციები, სადაც ჩვენი კეთილი სურვილების გამოთქმით ვაძლიერებდით ერთმანეთს. მადლობა, თქვენ, ამისთვის.
მადლობა იმ სტუდენტებს, რომლებმაც გაიარეს ლიტ. ჟურნალისტიკის კურსი და, ამის მიუხედავად, მაინც მესწრებოდნენ ლექციებზე. და კიდევ მადლობა იმ კურსდამთავრებულებს, რომლებიც მწერენ და მიცხადებენ თანადგომას. ამაზე დიდი ბედნიერება ლექტორისთვის არ არსებობს.
ჩემი შეფასების კრიტერიუმი თქვენ ხართ, ყველანი ერთად. სხვა არავინ. ისიც მინდა იცოდეთ, რომ არავის ვუპირისპირდები მე. უბრალოდ, დგები არჩევანის წინაშე და ირჩევ. ეგ არის და ეგა.
ახლა, ერთი ხელმძღვანელის ნაცვლად, იქნება 8. რა გაუძლებს ამდენ „კალმოსანს“. ამას რა შეიძლება ეწოდოს, თუ არა მარაზმი, მაგრამ სუფრის თავში ჯდომა და თამადობა საქართველში ყველას უნდა. მერე რა, თუ მოლხენა არ შეუძლია. ხო ზის?! ხოდა იჯდეს.
ისევ გთხოვთ: დამშვიდდით, არ ჩაერიოთ ამ პროცესებში. არ დაკარგოთ ღირსებისა და მადლიერების განცდა, არ „მიაჯირყვნინოთ“ თავი არავის, გქონდეთ თქვენი ღირებულებათა სისტემა და უერთგულეთ მას. დანარჩენს მოევლება.
ამ სემესტრს ჩავამთავრებთ ერთად. მერე... „ხვალემ იზრუნოს ხვალისა“...
აბა, თქვენ იცით, გულწრფელად გისურვებთ წარმატებებს. ყველანი ძალიან, ძალიან მიყვარხართ!", - დაწერა "ფეისბუქში" დალი სინჯარაძემ.
აღსანიშნავია, რომ მარიამ გერსამიას გადაყენების შესახებ თსუ-ში მას შემდეგ ალაპარაკდნენ, რაც პროფესორმა გამოაქვეყნა შემდეგი შინაარსის სტატუსი:
Mariam Gersamia:
რამდენიმე თვის წინ მე ტელეფონით დამიკავშირდნენ ქართულ-რუსული ურთიერთობის გაღრმავების გაუგებარი ცენტრის წარმომადგენლები და მთხოვეს თანამშრომლობა, როგორც ჟურნალისტიკის მიმართულების ხელმძღვანელს!.
კერძოდ, შემომთავაზეს რუსეთიდან ჩამოყვანილი "ექსპერტების" უფასო ტრენინგები სტუდენტებისთვის! (აღნიშნეს, რომ უკვე წარმატებულად თანამშრომლობენ თსუ-სთან).
უარით გავისტუმრე! სტუდენტებო! ვინც არ უნდა აირჩიონ მიმართულების ხელმძღვანელად, გახსოვდეთ!!! გახსოვდეთ!!!
რუსეთი ოკუპანტია! ს ა ქ ა რ თ ვ ელ ო უპირველეს ყოვლისა!"