
სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი-2"-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსი გიორგი ლაფერაშვილი წუხილს გამოთქვამს იმის გამო, რომ მაშინ, როცა ღამით "რუსთავი-2"-ის ოფისთან უამრავი ადამიანი მივიდა, იქიდენ პირდაპირ ეთერში ეს ამბები მხოლოდ ერთი ტელევიზიით გადაიცემოდა.
ტელეკომპანიის საინფორმაციო სამსახურის უფროსი წუხილს გამოთქვამს სხვა ტელეკომპანიების მუშაობით, მიმდინარე პროცესების პირდაპირ ეთერში არგაშუქების გამო:
"არ შემიძლია წუხილით არ აღვნიშნო, რომ ახლა მხოლოდ პირდაპირი ჩართვის ერთ შნურს ვხედავ და ისიც მხოლოდ "რუსთავი 2"-ს ეკუთვნის. მე სპეციალურად გადავამოწმე და არც ერთ სხვა არხს ჯერ ეს ამბავი არ მოუყოლია. საქართველოში, სადაც არ არის "რუსთავი 2" იმ ფორმით, როგორიც არის, ჯერ კიდევ არ იციან, რომ ურთმელიძემ ეს განჩინება უკვე დაწერა.
საქართველოში, სადაც არ არის "რუსთავი 2" იმ ფორმით, რა ფორმითაც არის ახლა, არ იციან რომ სანდრო ეულის 5ა-სთან დგანან სხვადასხვა პოლიტიკური ძალების წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციები და ისინი აპროტესტებენ კონსტიტუციის დარღვევას ამ ქვეყანაში.
მე მინდა ვთხოვო კოლეგებს, სამსახურში დაბრუნების შემდეგ აუცილებლად ჰკითხოთ თქვენს მთავარ რედაქტორებს, რატომ იყო დღეს აქ პირდაპირი ჩართვის მხოლოდ ერთი აპარატი და ისიც მხოლოდ "რუსთავი 2"-ის, - აღნიშნა ლაფერაშვილმა.