-
2015-10-29 13:45
„აფხაზეთის ხმის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსის, ჟურნალისტ ლაშა ბერულავას შემდეგ, რომელიც პროკურატურაში გუშინ გამოკითხეს, დღეს დაკითხვაზე გაზეთ „ქრონიკა+“-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე დაიბარეს.
ჟურნალისტების გამოკითხვის მიზეზი დაჩქარებული წესით მიმდინარე საქმის შესწავლაა, „განსხვავებულ აქცენტებში“ კვირას გასულ სკანდალურ, სავარაუდო მიმოწერაზე ლადო ბედუკაძესა და ნინო ჯღარკავას შორის.
ამ თემასთან დაკავშირებით გუშინ თითქმის ოთხი საათის განმავლობაში გაგრძელდა ჟურნალისტ ლაშა ბერულავას გამოკითხვა, ხოლო დღეს ელისო კილაძემ „ფეისბუქზე“ დაწერა, რომ პროკურატურაში დაკითხვაზე სწორედ იმ მიმოწერასთან დაკავშირებით დაიბარეს, რაც „განსხვავებულ აქცენტებში“ გავიდა ეთერში, თუმცა, აღსანიშნავია, რომ თავად ელისო კილაძეს ამ მიმოწერის გავრცელებასთან კავშირი არა აქვს და მას კომენტარიც კი არ გაუკეთებია მიმოწერაზე არც „განსხვავებულ აქცენტებში“ და არც „არჩევანში“.
ელისო კილაძის პროკურატურაში ყოფნის დროს იქ ლადო ბედუკაძე მივიდა - ამის შესახებ თავად ელისო კილაძე წერს „ფეისბუქზე“. უცნობია, ბედუკაძის დაკითხვაც იგეგმება თუ არა და თუ იგეგმება, რა საკითხთან დაკავშირებით.
სკანდალურ მიმოწერაში, რომელიც „განსხვავებულ აქცენტებს“ ლაშა ბერულავამ მიაწოდა, იკვეთება, რომ 2012 წელს გასაჯაროებული ე.წ. „ციხის კადრების“ დამკვეთი ბიძინა ივანიშვილია, რომელსაც ლადო ბედუკაძისთვის გარკვეული თანხა უნდა გადაეხადა, თუმცა, ისიც ჩანს, რომ კადრები „ის არ იყო, რასაც ბიძინა ივანიშვილი ელოდა“ - ამის შესახებ, მიმოწერის თანახმად, ბედუკაძეს ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა ატყობინებს.
ნინო ჯღარკავა აცხადებს, რომ მიმოწერა ყალბია და მსგავსი კონტაქტი „ფეისბუქზე“ ლადო ბედუკაძესთან არ ჰქონია. თავის მხრივ, ლაშა ბერულავა ამბობს, რომ მიმოწერის ნამდვილობის მტკიცება ან უარყოფა მისი პრეროგატივა არ არის და ჰყვება, რომ ეს სკანდალური მიმოწერა, სქრინშოტების სახით, 2014 წლის ოქტომბერში მიაწოდეს, ოღონდ მისი გასაჯაროება მხოლოდ მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც „ციხის კადრებთან“ დაკავშირებით ახალი ვერსიები გაჩნდა.
მისივე თქმით, მიმოწერის მომწოდებელმა ის ეროსი კიწმარიშვილის სავარაუდო მკვლელობასთანაც დააკავშირა, უთხრა რა, რომ ცნობილი ადამიანების მიმოწერებს მისი აწ გარდაცვლილი მეგობარი მამაკაცი სწორედ ეროსი კიწმარიშვილის დავალებით აკოპირებდა და მასვე უგზავნიდა, აღწევდა რა ჰაკერულად მათ კომპიუტერებში. ლაშა ბერულავა უარს აცხადებს წყაროს იდენტიფიცირებაზე, თუმცა, ხაზს უსვამს, რომ კანონით დაცულობის მიუხედავად და იმის მიუხედავად, რომ შეეძლო ასე არ მოქცეულიყო, გამოძიებას წარუდგინა სქრინები, რითაც დასტურდება, რომ მიმოწერა ჯღარკავასა და ბედუკაძეს შორის ნამდვილად „ფეისბუქის“ საშუალებით და ნამდვილად უცნობი ადამიანისგან მიიღო.
სკანდალური მიმოწერა, რომლის ავთენტურობა დადგენილი არ არის:


