-
2015-10-27 21:49
სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი-2"-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსი გიორგი ლაფერაშვილი მაყურებელთა ზარებზე დაყრდნობით წერს, რომ რეგიონების შემდეგ უკვე თბილისშიც, "სტერეო+"-ზე და საკაბელო კომპანიებზე "რუსთავი-2"-ის სიგნალი გაითიშა და მას ბერა ივანიშვილის "ჯიდიესის" სიგნალი დაახლოებით 15-20 წუთის განმავლობაში დააჯდა.
"დღეს დაახლოებით 20:15 დან 15-20 წუთის განმავლობაში იყო გათიშული რუსთავი ორის ციფრული მაუწყებლობა სტერეო+ ქსელში. შესაბამისად გათიშული იყო ის საკაბელოებიც, რომლებსაც აღებული აქვთ სიგნალი ეთერიდან, თბილისშიც და რეგიონებშიც.
შემდეგ მაუწყებლობა აღსდგა მაგრამ არასრულფასოვნად, კომპანიაში ამ დრომდე რეკავენ მაყურებლები, რომლებიც რუსთავი ოროს დაჭერას ამ დრომდე ვერ ახერხებენ.
დღეს განსაკუთრებულად მძაფრად აღვიქვით, რამდენადაც თბილისს შეეხო, თორემ რეფიონებში ეს პრობლემა თითქმის მუდმივადაა.
კომუნიკაციების ეროვნული კომისია, შემახსენეთ, რამდენი მილიონი დაიხარჯა ამ პროექტში?
პ.ს. - წესით, არხების ხელახლა მოძებნის შემთხვევაში, უკვე გასწორდება. თუმცა, "კურიერის" მაყურებელს ეს ალბათ ვეღარ აამშვიდებს....", - წერს გიორგი ლაფერაშვილი.
იგივე პროცესზე წერს "რუსთავი-2"-ის ჟურნალისტი თენგიზ გოგოტიშვილი:
"კარგი, მჯერა, რომ "რუსთავი 2" ყველა საკაბელოსა და ინტერნეტპროვაიდერს ერთდროულად შემთხვევით "გაუქრა" ეთერიდან!
მაგრამ ისიც უნდა დავიჯერო, რომ მაინცდამაინც "ჯიდიესი" შემთხვევით დააჯდა იგივე სიხშირეს?"
"რუსთავი-2"-ის ვებგვერდზე მითითებებიც კი გამოქვეყნდა იმ შემთხვევისთვის, როცა მსგავსი გაუგებრობა ხდება. "რუსთავი-2"-ის დროებით გათიშვის ფაქტს იქვე, კომენტარებში ადასტურებენ მაყურებლები და ჟურნალისტები. მსგავსი შინაარსის წერილები "აფხაზეთის ხმის" ოფიციალურმა გვერდმაც მიიღო "ფეისბუქზე" :

მოგვიანებით, მომხდართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა "სტერეო+"-მა და გაუგებრობა ტექნიკური ხარვეზით ახსნა:
"2015 წლის 27 ოქტომბერს, 20:22 წუთზე 2014 წლის 25 დეკემბრის შემდეგ პირველად, მოხდა სტერეო+ ის სათაო სადგურის ძირითადი სერვერის ავარიული ტექნიკური გათიშვა, რომლის ფუნქციონირებაც თავის თავზე აიღო სარეზერვო სერვერმა.
მომხდარი ტექნიკური შეფერხების გამო, მოხდა სატელევიზიო არხების გათიშვა, გადატვირთვის დრომ შეადგინა 76 წამი, რის შემდგომაც სისტემის ფუნქციონირება აღდგა. ამ მოვლენამ გამოიწვია სხვადასხვა ტიპის მიმღებ მოწყობილობებში განსხვავებული ეფექტი დროის სხვადასხვა ხანგრძლივობით.
ეს იყო წმინდა ტექნიკური ხასიათის ხარვეზი. მსგავსი მოვლენის შემთხვევაში ეფექტის დროის შესამცირებლად სასურველია მიმღები მოწყობილობის ოპერატიული გადატვირთვა. კომპანია წუხს მაყურებლისთვის შექმნილი დისკომფორტისთვის", - ნათქვამია განცხადებაში.