
სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი-2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია "ფეისბუქში" წერს, რომ სასამართლოს დარბაზში ეპატიჟება ყველა მსურველს, ხოლო სასამართლოს ეზოში მოწყობილი აქცია, რომელიც პროცესის პარალელურად იგეგმება, არ იქნება ორგანიზებული რომელიმე პარტიის მიერ.
"შეგახსენებთ, რომ ორშაბათს, 11 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში (აღმაშენებლის ხეივანი, მე12 კმ, N6. ტოიოტას ცენტრთან), გაიმართება რ2-ისთვის უმნიშვნელოვანესი პროცესი. მინდა გთხოვოთ, მოხვიდეთ და წამოიყვანოთ ყველა მსურველი. რაც მეტი ვიქნებით, მით მეტად დაინახავენ ჩვენს ძალას და მით ნაკლები იქნება რუსთავი 2ის გაჩუმების შანსი.
ვიწვევთ ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას და პოლიტიკურ პარტიას სასამართლოს დარბაზში, რათა ყველამ თვითონ შეძლოს პროცესის მონიტორინგი. რაც შეეხება აქციას სასამართლოს ეზოში - აქცია არ არის პოლიტიკური და მას დაესწრება ყველა მსურველი, რითიც გამოხატავს რ2ის მხარდაჭერას.
ჩვენ ვერ ჩავერევით პოლიტიკური პარტიების უფლებაში, თვითონ განსაზღვრონ საკუთარი დამოკიდებულება ამა თუ იმ საკითხისადმი და ამ დამოკიდებულების გამოხატვის ფორმა. თუმცა, კვლავ შეგახსენებთ, რომ აქცია სასამართლოს ეზოში არ არის რომელიმე პოლიტიკური პარტიის ორგანიზებული და მიზნად ისახავს რ2ის მხარდაჭერას.
დიდი მადლობა წინასწარ!"